მიხეილ ხოდორკოვსკიმ შესაძლოა, დიდ ბრიტანეთს თავშესაფარი სთხოვოს

კომპანია „იუკოსის“ ექს-პრეზიდენტი მიხეილ ხოდორკოვსკი დიდი ბრიტანეთისთვის თავშესაფრის თხოვნას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ამას როგორც ერთ-ერთ ვარიანტს განვიხილავ. მაგრამ დღეს ჩემი გადაწყვეტილების გასაჯაროებისთვის მზად არ ვარ“, - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საპარლამენტო არჩევნების ფონზე მას სერიოზულ საფრთხედ განიხილავს.

გუშინ "იუკოსის" ყოფილ ხელმძღვანელ მიხეილ ხოდორკოვსკიზე რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, ორი კვირის წინ კი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენა.

რუს ოლიგარქს 1998 წელს ქალაქ ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობაში ადანაშაულებენ. გამოძიების თანახმად, ხოდორკოვსკი ასევე, პეტუხოვის თანმხლები პირის, ვიაჩესლავ კოკოშკინის სიცოცხლის ხელყოფასა და ბიზნესმენ ევგენი რიბინზე ორ თავდასხმაში არის ბრალდებული.

მანამდე ხოდორკოვსკიმ განაცხადა, რომ გამოძიებამ ის ბრალდებულის სტატუსით დაიბარა, თუმცა დაკითხვაზე გამოცხადებას არ აპირებს. დაკავების შემთხვევაში, ბიზნესმენს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.