მაღალგამდიდრებული ურანი ქვეყნიდან გაიტანეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მაღალგამდიდრებული ურანის რეპატრიაციის პროცესს დაესწრო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესს საფუძვლად დაედო 2014 წლის 25 მარტის ბირთვული უსაფრთხოების ჰააგის სამიტის კომუნიკე, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს, მიიღონ შესაბამისი ზომები მაღალ გამდიდრებული ურანის მარაგის შესამცირებლად.

შესაბამისად, განხორციელებული რეპატრიაცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან შესრულდა კომუნიკეთი დაკისრებული ვალდებულება და საქართველო 2016 წელს დაგეგმილ ბირთვული უსაფრთხოების აშშ-ის სამიტს ხვდება, როგორც ბირთვული თვალსაზრისით თავისუფალი სახელმწიფო. რეპატრიაციის სანაცვლოდ, კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარი, რითაც სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო მეტეო-რადარს შეიძენს, რომლის საშუალებითაც ადრეულ ეტაპზე მოხდება ამინდისა და მასთან დაკავშირებული მოვლენების დეტალური და ლოკაციური პროგნოზირება. თანხის ნაწილით კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია შესაბამისი დანადგარებით, სამედიცინო ფიზიკის მოთხოვნების გათვალისწინებით აღიჭურვება. რეპატრიაციის პროცესში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღეს.