როგორი იყო ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ეკონომიკური პერიოდი

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2013 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა.

2 წელიწადზე ცოტა მეტი პერიოდის მანძილზე, მთავრობის მეთაურად ყოფნის პერიოდში მას ბევრ გამოწვევაზე მოუწია პასუხის გაცემა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესს თავი ორი გაფართოვებული შეხვედრით, საზოგადოებას კი - ეკონომიკის მიმართულებით რამდენიმე ინიციატივით დაამახსოვრა.

აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე პრემიერ-მინისტრის აპარატთან ეკონომიკური საბჭო შექმნა, რომელზეც ეკონომიკის მიმართულებით საკითხებისა და პროექტების განხილვა ხდება.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არცთუ ისე სახარბიელო მაჩვენებლით გამოირჩევა. 2013 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 3.4%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2014 წელს მშპ 4.6 %-მდე გაიზარდა, თუმცა 2015 წელს მთავრობას დაგეგმილი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის კორექტირება მოუწია. მიმდინარე წელს სამი კვარტლის მონაცემებით, მშპ-ს ზრდა 2.5%-ს შეადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, 2014 წლის 1 სექტემბერიდან ძალაში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), რომლის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით ევროკავშირის ბაზარი გაეხსნა. გარდა ამისა, დაიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ბაზრების გაფართოვების მიუხედავად, 2014 წლის მეორე ნახევრიდან ექსპორტის კლება ფიქსირდება.

ირაკლი ღარიბაშვილი თავის გამოსვლებაში ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტად ინვესტიციების მოზიდვას ასახელებდა. რამდენიმე დღის წინ 3-წლიანი ანგარიშით წარდგენისას ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2015 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობამ ნახევარ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და 530 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უფრო კონკრეტულად კი, ქვეყანაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2013 წელს 941.9 მლნ აშშ დოლარი, 2014 წელს 1 758.4 მლნ აშშ დოლარი, 2015 წლის სამი კვარტლის მონაცემებით კი - 1019.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და დამატებითი ინვესტიცების მოზიდვას ემსახურებოდა 2015 წლის 5 მარტის მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც, შეიქმნა „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ 30 წლის ვადით. ის ოპერირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. გარდა ამისა, 2015 წლის 20 აპრილს ინვესტორთა საბჭო შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგის სტიმულირებაა.

მეწარმეობის განვითარების, მცირე და საშუალო, ასევე დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ შეიქმნა. ამასთან, მეწარმეობის განვითარებისა და ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, 2014 წლის ივნისიდან პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ ახალი პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” განხორციელება დაიწყო, რომელიც ადგილობრივი პროდუქციის წარმოების სტიმულირებას ისახავს მიზნად. ღარიბაშვილის განცხადებით, "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში უკვე 123 პროექტია დაფინანსებული.

ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, 2014 წელს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა, რომლის ბაზაზეც სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების ფორმირება და ასევე ოქროყანაში ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა დაიწყო.

გარკვეული ღონისძიებები განხორციელდა ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით. მიმზიდველობისა და ზამთრის სეზონის გახანგრძლივების მიზნით, გუდაურსა და ბაკურიანში სასრიალო გზების ხელოვნური გათოვლიანების აპარატურის დამონტაჟება მოხდა. შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით ხორციელდება პროექტი „გაიცანი საქართველო“. საქართველოს შესახებ სიუჟეტები და სარეკლამო კლიპები გავიდა სხვადასხვა ტელეარხზე, მათ შორის CNN-სა და Euronews-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მომზადდა და შემდეგ პარლამენტმა დაამტკიცა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი, რომელის თანახმადაც, საქართველოს სოფლების 45%-ს, კერძოდ კი, 1600 პუნქტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება. აღნიშნული კანონით მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას გაეზრდება სოციალური შეღავათები, კერძოდ, სახელმწიფო პენსიაზე დამატებითი დახმარების, ექთნების, ექიმების, პედაგოგების ხელფასების, ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურების, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის, აგრეთვე ახალდაბადებულ ბავშვებზე ყოველთვიური დახმარების სახით. ამასთან, აღნიშნული სტატუსის მქონე რეგიონებში ბიზნესის დაწყების მსურველები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ.

სოფლის მეურნეობაში ირაკლი ღარიბაშვილმა მისი წინამორბედის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული პროექტები გააგრძელა. კერძოდ, შეღავათიანი აგროკრედიტის, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტები, ვაშლისა და მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, ყურძნის სუბსიდია. ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დაიწყო აგროდაზღვევის პროექტი, ასვეე ”დანერგე მომავალი”, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში, 2015 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 1141 კოოპერატივს აქვს მინიჭებული.

კოოპერატიული გაერთიანების მაგალითი იქნება მომავლის სოფელიც, რომლის განხორციელებაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გადაწყდა. ვეტერანთა კოოპერატიული სასოფლო-სამეურნეო გაერთიანების ჩამოყალიბება პირველ ეტაპზე გარდაბნის რაიონში იგეგმება, სადაც ვეტერანთა 550 ოჯახი დასახლდება.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში საქართველომ რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებას უმასპინძლა, მათ შორის, 2015 წლის 13-15 მაისს თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს, 2015 წლის 19-21 ივნისს კი თბილისში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) წლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი გაიმართა. ამასთან, 2015 წლის 15 და 16 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ჩინეთის მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს დედაქალაქში ”აბრეშუმის გზის ფორუმი” ჩატარდა.

სწორედ ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, როდესაც ჩინეთიდან საქართველოში პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა.

თავის გამოსვლებში ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო რეიტინგებზე ხშირად აპელირებდა. ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში, როდესაც მან საქმიანობა შეაჯამა, აღნიშნა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. Frazer Institute-ის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2014 წლის შეფასებით, საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა და 152 ქვეყანას შორის 16-ზე გადმოინაცვლა. მსოფლიო ბანკის „Doing Business“-ის 2015 წლის შეფასებით, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ საქართველო 189 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის” 2014-2015 წლების შეფასებით, საქართველომ პოზიცია 3 საფეხურით გაიუმჯობესა და 69-ე პოზიციაზე იმყოფება, მისი სარეიტინგო ქულა 4,22 შეადგენს (ზომიერი მაჩვენებელი). Fitch-მა საქართველოს “BB-“ სუვერენული რეიტინგი დაადასტურა, ხოლო პოზიტიური პერსპექტივა სტაბილურით შეცვალა (2015 წლის 17 აპრილი).

ყველაზე მეტი კრიტიკა ღარიბაშვილის მისამართით ლარის კურსის გაუფასურების გამო გამოითქმოდა. მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ფაქტორებისა და საქართველოში ექსპორტის, ფულადი გზავნილების, ტურისტების რიცხვის კლების ფონზე, ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. მარტივი შედარებისთვის, თუ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღეს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 1.67 ლარი ღირდა, მისი გადადგომის დღეს ერთი დოლარის შესაძენად უკვე 2.41 ლარია საჭირო. ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, მთავრობამ ბიზნესს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა წარუდგინა, თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმე ობიექტის გაყიდვა შეძლო. ამასობაში, ქვეყანაში ინფლაციამ მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელს გააჭარბა და 2015 წლის ნოემბერში 6.3% შეადგინა.

პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ საზოგადოებას გუშინ აუწყა. ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი დატოვა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად რჩება. მთავრობის უკვე ყოფილმა მეთაურმა საკუთარ ოცნებად ერთიანი, ძლიერი საქართველო დაასახელა ეკონომიკურად წელში გამართული ქართველი ხალხით.

ნათია რუხაძე