ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება ევროპის ყველა სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულია

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ასოცირების ხელშეკრულება ევროპის ყველა სახელმწიფოს მიერ არის საბოლოოდ რატიფიცირებული.

ამის შესახებ უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. "კარგი ამბავი მოვიდა კიდევ, ისევ ბრიუსელიდან. ბელგია, რომელიც იყო ბოლო, 28-ე ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება არ ჰქონდა დასრულებული, დაასრულა ეს პროცესი. დღევანდელი მდგომარეობით ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროპის ხელშეკრულება ყველა სახელმწიფოს მიერ არის საბოლოოდ რატიფიცირებული. გილოცავთ ამ მოვლენას", - განაცხადა უსუფაშვილმა. ბელგიის ფედერალურმა პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიკაცია დღეს მოახდინა, თუმცა ოფიციალურ ჟურნალში ის ჯერ არ გამოუქვეყნებია, რაც სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მოხდება. აღსანიშნავია, რომ ბელგია ევროკავშირის წევრი ბოლო ქვეყანა იყო, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ამ დრომდე არ ჰქონდა რატიფიცირებული. დეკემბრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიის მხარეს ამ პროცესის დაჩქარების თხოვნით მიმართა. ბელგიის მიერ რატიფიცირების დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, ასოცირების შეთანხმება უკვე სრულად შევა ძალაში. 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან დოკუმენტის ნაწილი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ, დროებით ამოქმედდა.