ზურაბ აბაშიძე - რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თემა არ განხილულა

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ რუსეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თემა არ განხილულა. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვალენტინა მატვიეკოს მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საგარეო უწყებებს შორის ამ თემის განხილვა არ მომხდარა", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება პრაღის ორმხრივი დიალოგის ფორმატს, როგორც ადრეც განაცხადა, ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის მხარე აპირებდა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ხოლო შემდეგ, უკვე 19 ნოემბრის შეხვედრაზე უფრო კონკრეტულად ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ახალი სავიზო რეჟიმი წლის ბოლოსათვის შევიდოდა ძალაში. ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს საქართველოს მთავრობის მხრიდან უკვე მიეცა შესაბამისი შეფასება.