„სოკარი“ საქართველოსთვის გაზის ღირებულების გადახედვას არ გეგმავს

კომპანია Socar Energy Georgia მზად არის, კონკურენცია გაუწიოს „გაზპრომს“ საქართველოსთვის კომერციული გაზის მიწოდებაში.

ამის შესახებ Socar Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა თბილისში, კომპანიის ახალი სერვის ცენტრის გახსნისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ქართული ბაზარი საკმაოდ შეზღუდული ბაზარია და სოციალური გაზის მიწოდება წლიურად მაქსიმუმ 2,3-2,4 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. საქართველოში გაზის ფასები საკმაოდ დაბალია და არ იცვლება. მიუხედავად ლარის დევალვაციისა, ფასები არ შეცვლილა და ჩვენი კომპანია არ გეგმავს ფასების გადახედვას. კომერციული გაზის მოცულობა 900-950 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ეს თავისუფალი ბაზარია და ნებისმიერ დროს მზად ვართ კონკურენციისთვის“, - განაცხადა მაირ მამედოვმა.

საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "გაზპრომის" ხელმძღვანელობას რამდენჯერმე შეხვდა. ამასთან, ქართული მხარის განცხადებით, საქართველო არ აპირებს აზერბაიჯანულ გაზზე უარის თქმას.