თინა ხიდაშელი – მაქვს ამბიცია, რომ 2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი მთლიანად ქართულ კვებაზე გადავიყვანო

2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი თითქმის სრულად ქართულ კვებაზე გადავა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მისი თქმით, ქართული პროდუქციის წახალისება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

"ამ ამოცანის ფარგლებში ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ მაქსიმალურად ქართულ კვებაზე გადავიყვანოთ ჯარი. პირველი ეტაპი დასრულებულია და ორიოდე დღის წინ გვქონდა პრეზენტაცია, სადაც გავაცანით გამარჯვებული ქართველი მეწარმეები საზოგადოებას. აღმოსავლეთ საქართველოს საჯარისო შენაერთები მთლიანად ქართული ხორცით კვებაზეა გადასული. 25 დეკემბერს დასრულდა ტენდერი მთელ დანარჩენ სისტემაზე და 1-ელი იანვრიდან მთლიანი ჯარი უზრუნველყოფილი იქნება ქართული ხორცით. იანვარში გამოვაცხადებთ ქათმის პროდუქტზე ტენდერსაც. ვმუშაობთ ინტენსიურად მომწოდებლებთან ხილის და ბოსტნეულის მიმართულებით. მე მაქვს ამბიცია, რომ გაზაფხულის დასაწყისში, მთლიანად, გარდა იმ ძალიან მცირე ჩამონათვალისა, რაც საქართველოში არ იწარმოება, ქართულ კვებაზე გადავიყვანოთ ჯარი. ეს დაახლოებით 40 მილიონი ლარია, რომელიც დარჩება ქართულ ბაზარზე, ქართული ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება", - განაცხადა ხიდაშელმა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, 2016 წლიდან ასევე მთლიანად საქართველოში შეიკერება ჯარისკაცების ფორმებიც.

"მეორე ასეთი ინიციატივა არის სამხედრო ფორმა, რომლის განხორციელება დაიწყება 2016 წლიდან. ქართული ჯარისთვის ფორმები, მისი ყველა ნაწილი, მისი ყველა კომპონენტი ყველანაირი მოხმარებისთვის და გამოყენებისთვის მთლიანად გვინდა, რომ იკერებოდეს საქართველოში. ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა საპარტნიორო ფონდის წინა ხელმძღვანელობასთან. დავით საგანელიძეს ჯერ არ შევხვედრილვარ და იმედია, მოკლე ხანში ამას მოვახერხებთ. საპარტნიორო ფონდის სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ პროექტში და იმედი მაქვს, ეს მიმართულებაც სწრაფად ამოქმედდება. ეს კიდევ დამატებით ათეულობით მილიონი ლარია, რომელიც დარჩება საქართველოში და მოხმარდება ქართული ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას", - აღნიშნა ხიდაშელმა.