ვლადიმერ პუტინმა თურქეთთან სპეციალურ ეკონომიკურ ზომებზე განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. როგორც სააგენტო "როსბალტი" წერს, ახალი სანქციების თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულება აეკრძალებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც თურქეთის მოქალაქეები ან თურქეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები აკონტროლებენ.

პირველ დეკემბერს რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2016 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება რუსეთის ტერიტორიაზე თურქული ხილ-ბოსტნეულის, ასევე ხორცპროდუქტების შეტანა. გარდა ამისა, პირველი იანვრიდან აიკრძალება თურქეთში ტურების გაყიდვა და ჩარტერული რეისების განხორციელება, დაწესდება სავიზო რეჟიმი.

მოსკოვმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციები 24 ნოემბრის შემდეგ დააწესა, როცა თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი "სუ-24" ჩამოაგდო. თურქული მხარის ცნობით, თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღემდე ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.