რეკომენდაციის თანახმად, ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მასტიმულირებელი პოლიტიკა უნდა შემუშავდეს

ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უნდა შემუშავდეს მასტიმულირებელი პოლიტიკა, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებში უპირატესობის მინიჭების გზით , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების ქვეჯგუფის შემაჯამებელ რეკომენდაციებშია საუბარი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაცია "ოქსფამის" მხარდაჭერით შეიმუშავა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული რეკომენდაციები მომავალ წელს საფუძვლად დაედება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობას სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით. "ოქსფამის" სოფლის მეურნეობის მენეჯერის ლევან დადიანის თქმით, იმისათვის, რათა აღნიშნული რეკომენდაციები სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრაქტიკაში განხორციელდეს, საჭიროა გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა და უწყებათაშორისო კოორდინაცია.

"ერთი რეკომენდაცია ეხება მუდმივმოქმედი უწყებათაშორისო საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას. რეკომენდაცია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ეხება უშუალოდ სასურსათო უსართხოების პროგრამას. ძირითადი მიმართულებებია ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა. ლაპარაკია საოჯახო მეურნეობების ისეთ ხელშეწყობაზე, რომ მათ მოახერხონ კომერციალიზაცია. არის ასევე შემოთავაზება, რომ დავნერგოთ სახელმწიფო შეყიდვებში ადგილობრივი მეწარმეების ჩართვის საკითხი. ეს პრაქტიკა კარგად არის აპრობირებული ბრაზილიაში. გარდა ამისა, სასურსათო უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგის სისტემა არის რეკომედაციების ნაწილიც, ასევე სტრატეგიული მარაგების შექმნის საკითხი საკვები პროდუქტების იმ მიმართულებით, რომელიც საბაზისოა. ასევე რეკომენდაცია ეხება სასურსათო კალათის მოწესრიგებას და ნორმატიულად განსაზღვრას, სტატისტიკის და აღრიცხვიანობის მოწესრიგებას და სხვა საკითხებს", - განაცხადა ლევან დადიანმა.