გიორგი კვირიკაშვილი - ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა მეწარმეობის განვითარება გახდება

ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება მეწარმეობის განვითარება საქართველოში, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. კვირიკაშვილმა ისაუბრა ახალ ინიციატივებზეც და აღნიშნა, რომ პროგრამას "აწარმოე საქართველოში" დაემატება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს იქნება დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმი.

"ცოტა ხნის წინ გაფართოვდა პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და მისი მოქმედება გავრცელდა სასტუმროების სექტორზე, კინოინდუსტრიაზე, ასევე მიკრო და მცირე მეწარმეობაზე სოფლად. თუმცა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ვგეგმავთ რომ დავამატოთ, ეს იქნება დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმების შექმნა. ეს იქნება სპეციალურად ახალგაზრდობაზე, ინიციატივიან ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც დააფინანსებს ინოვაციურ, ახალ იდეებს და ჩვენ გამოვიყენებთ მსოფლიოში აპრობირებულ საუკეთესო გამოცდილებას. ეს პროგრამა საწყის ეტაპზე შეიქმნება "საპარტნიორო ფონდის" ფარგლებში და იფუნქციონირებს იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებს, რომელთაც გააჩნიათ იდეები და არ აქვთ საწყისი კაპიტალი, მივცეთ საშუალება, უზრუნველყოფის გარეშე მოიპოვონ დაფინანსება და შექმნან საკუთარი მომავალი. ვფიქრობთ, ეს იქნება რევოლუციური ცვლილება საქართველოში, ვინაიდან ის ხელს შეუწყობს სამეწარმეო სულისკვეთების განვითარებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პროგრამა "აწარმოე საქართველოში", მისი წინამორბედის, კოლეგის და მეგობრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო. "მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ მქონდა საშუალება, მასთან ერთად მემსახურა ხალხის სამსახურში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.