საბავშვო ბაღებში საახალწლო საჩუქრებთან დაკავშირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ სანქციები გატარდება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შესყიდვების სამსახურის უფროსი ლექსო თოდუა ადასტურებს, რომ თბილისის რამდენიმე ბაღში საახალწლო საჩუქრების მიტანა დაგვიანებით განხორციელდა. როგორც ლექსო თოდუამ განაცხადა, ტენდერის თანახმად, გამარჯვებული კომპანია შპს "ქრისუკას" საბავშვო ბაღებისთვის საახალწლო საჩუქრების მიწოდება 28 დეკემბრამდე უნდა განეხორციელებინა. მისივე თქმით, რამდენიმე ბაღში მიწოდება დაგვიანებით განხორციელდა. აღნიშნულის მიზეზად თოდუამ საახალწლო ღონისძიებები და გზებზე გადატვირთულობა დაასახელა.

თოდუას განცხადებით, აღნიშნულის გამო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები განხორციელდება, თუმცა, თუ რა სახის იქნება ეს სანქციები, საუბრისას თოდუამ ვერ დააკონკრეტა. როგორც მან აღნიშნა, ეს საბავშვო ბაგა-ბაღებიდან ანგარიშების მიწოდების შემდეგ გაირკვევა. "ხელშეკრულება მიმწოდებელ კომპანიასთან ბაგა-ბაღებმა ინდივიდუალურად გააფორმეს და ხელშეკრულების პირობების მიხედვით, თუნდაც ერთი დღის დაგვიანების გამო, მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები დაეკისრება", - დასძინა თოდუამ. მისივე თქმით, საახალწლო საჩურების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა. სატენდერო პირობის თანახმად, ერთი სასაჩუქრე კალათის ღირებულება 4,5 ლარი იყო. გამარჯვებულმა კომპანიამ სააგენტოს 4,32 თეთრი შესთავაზა. თოდუას განცხადებით, თბილისის 160 ბაგა-ბაღში საახალწლო საჩუქრები უკვე დარიგდა. იგი 56 153 ბავშვს გადაეცა. მთლიანობაში საახალწლო საჩუქრებისთვის 242 524 ლარი დაიხარჯა.