ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება

საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 2-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს: გზის სფუძვლის მოწყობას რეციკლირების მეთოდით, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ბეტონის პარაპეტების, საორიენტაციო ბოძკინტებისა და ლითონის ზღუდარების მოწყობას. ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე თვალამრიდი ძელების, წყალგამტარი მილებისა და გზის გვერდულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა ერთმანეთთან საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას აკავშირებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გზით ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა და სატრანზიტო გადაზიდვები და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგზაო მონაკვეთია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 მილიონ 258.400 ათასი ლარია.