აბასთუმანში 13 მილიონი ლარის პროექტის განხორციელება იგეგმება

2016 წლის განმავლობაში აბასთუმანში დაგეგმილია 13 მილიონი ლარის პროექტის განხორციელება , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. გიორგი კვირკაშვილი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. მისი თქმით, აბასთუმანი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტი საქართველოში.

"2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 მილიონი ლარის პროექტის განხორციელება ამ კურორტში. ასევე დაიწყება გენგეგმის მომზადება თანამედროვე სტანდარტებით, რათა ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ კურორტს უნდა გააჩნდეს, გათვალისწინებული იქნას", - განაცხადა კვირიკაშვილმა. რაც შეეხება ფიჭვის გაჩეხვის შესახებ დასმულ შეკითხვას, გიორგი კვირკაშვილის განცხადებით, ასეთი რამ არ ხდება.

"საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ მე ორი დღის წინ გახლდით ბაკურიანში, სადაც კოხტის ახალი საბაგირო გავხსენით და ამ კუთხით მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მთლიანობაში ვამბობ, ხე-ტყის ლიცენზიებისა და მათი აღსრულების კონტროლის კუთხით. ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ გიგლასთან და ბატონ დიმიტრისთან და უახლოეს მომავალში ჩვენ შევეცდებით, რომ უფრო გამჭვირვალე და მკაცრი მექანიზმები შემოვიღოთ და აღსრულებაც იყოს უფრო ზუსტი ამ მიმართულებით, ვინაიდან მდგომარეობა არ არის სახარბიელო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.