ინგლისურენოვანი გამოცემები Georgia Today და Georgian Journal გაერთიანდა

საქართველოს მედია ბაზარზე არსებული ინგლისურენოვანი გამოცემები Georgia Today და Georgian Journal გაერთიანდა. ახალი წლიდან გამოცემა Georgia Today-ის სახელით კვირაში ორჯერ გამოვა. Georgian Journal-ის ინგლისურენოვანი ვებპორტალი კი ძველი სახელით გააგრძელებს მუშაობას. გამოცემის დამფუძნებლებმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გაერთიანებული გამოცემისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ უამბეს. როგორც Georgia Today-ის გამომცემელმა გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შინაარსობრივად ორივე გამოცემა კონტენტის განსაკუთრებული ობიექტურობით გამოირჩეოდა. მისივე თქმით, აღნიშნული სარედაქციო პოლიტიკა შენარჩუნდება, გაძლიერდება პოლიტიკის ბლოკი, რომლითაც Georgian Journal გამოირჩეოდა, გაიზრდება გვერდებისა და რუბრიკების რაოდენობა და მკითხველი უფრო საინტერესო პროდუქტს მიიღებს.

"ჩვენ გაერთიანებული რესურსებით შევძლებთ დაინტერესებულ მკითხველს კიდევ უფრო გაუმჯობესებული ხარისხის გაზეთი მივაწოდოთ. დღეს, როდესაც საქართველო კიდევ უფრო ახლოს დგას ევროპასთან, მეტად მნიშვნელოვანია ევროპული სტნადარტის გაზეთის არსებობა ინგლისურ ენაზე, რამდენადაც გაზრდილია ტურისტების, საქმიანი ვიზიტორების რაოდენობა. ვფიქრობ, გაერთიანებული რესურსებით შევძლებთ კიდევ უფრო საინტერესო პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს მკითხველებს", - აღნიშნა გიორგი შარაშიძემ. მკითხველებს გამოცემების გაერთიანება მიულოცა "პალიტრა მედიას" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ.

"მინდა საქართველოს მივულოცო ეს გაერთიანება, რადგან ძალა ნამდვილად ერთობაშია. როდესაც ორი ინგლისურენოვანი, საინტერესო გამოცემა ერთიანდება, ნამდვილად უნდა ველოდოთ, რომ მნიშვნელოვანი, სერიოზული გამოცემა გაკეთდება. მინდა გამოცემების გაერთიანება მივულოცო ყველას, როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მკითხველს, ყველა მათგანს, ვინც საქართველოთი არის დაინტერესებული", - აღნიშნა მარიკა დარჩიამ. დღესვე პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის გაზაფხულიდან Georgia Today დაინტერესებულ აუდიტორიას სიახლეებს შესთავაზებს. კერძოდ, გაკეთდება ყოველთვიური ტურისტული ჟურნალი და გზამკვლევი where.ge. აღნიშნული გამოცემა ტურისტებს ყველა საჭირო კითხვაზე გასცემს პასუხს. საქართველოს ყველა უცხოელ სტუმარს, ტურისტსა და საქმიან ვიზიტორს, ასევე საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ინგლისურენოვანი ტურისტული გზამკვლევით სარგებლობის საშუალება ექნებათ. გზამკვლევი როგორც ბეჭდური, ასევე ონლაინ ვერსიით ტურისტებს საქართველოში დასვენებისა და მოგზაურობის დასაგეგმად პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს.

აღნიშნულ ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. როგორც პრეზენტაციაზე მიწვეულმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გზამკვლევი ხელს შეუწყობს, რომ საქართველოში შემოსულმა ტურისტებმა უკეთ დაგეგმონ თავიანთი მოგზაურობა და მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. სასტუმრო "ციტრუსში" გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ Georgia Today-სა და Georgian Journal-ის პარტნიორი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის: "ბორჯომი", "ვისოლი", "ყატარის ავიახაზები", "პსპ", "ფრესკო", გამოცემა "ფორბსი" და სხვები. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარებისა და თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე