გიორგი კვირიკაშვილი – ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები სოფლად ბრუნდებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები სოფლად ბრუნდებიან. როგორც კვირიკაშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სოფლის დაცარიელების პრობლემის აღმოსაფხვრელად მთავრობა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

"რაც შეეხება შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ სოფელი დაცარიელდა - დიახ, ეს არის ჩვენი საერთო ტკივილი. ამ მიმართულებით ჩვენი უპირველი მიზანი არის იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურული კომპონენტების შექმნა სოფელში, რომელიც ქმნის ქალაქისთვის დამახასიათებელ მინიმალურ კომფორტს. ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმა. სწორედ ამიტომ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში, ამიტომ ხორციელდება ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელსაც აფინანსებს "ქართუ ფონდი". ამ პროექტის შედეგად 1974 დასახლებულ პუნქტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ კავშირი შევა, რაც უდიდესი ცვლილება იქნება ინფორმაციული წვდომის თვალსაზრისით, მთლიანობაში განათლების განვითარების თვალსაზრისით და სხვა მიმართულებებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის სპეციალური პროგრამები, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს.

"ყველაფერი ეს არის განსაზღვრული იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, დავაკავოთ იქ, სადაც არიან, დარჩნენ სოფლად და შეძლონ თავიანთი ოჯახების უზრუნველყოფა. ხშირ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, რომ ადამიანები ბრუნდებიან სოფლის მეურნეობაში", - აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.