2015 წლის საბანკო ძარცვები

ბანკებზე თავდასხმის ყველაზე ხშირი შემთხვევა წელს "საქართველოს ბანკის" ფილიალებში დაფიქსირდა

2015 წელს საქართველოში ბანკების ძარცვის ან ძარცვის მცდელობის საკმაოდ ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ყველაზე ხშირად თავდამსხმელთა სამიზნე "საქართველოს ბანკი" იყო.

იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ბანკების დაყაჩაღების სტატისტიკას ცალკე არ აწარმოებენ, უწყებაში ვერ დაგვიკონკრეტეს, რამდენი ბანკი გაიძარცვა 2015 წლის განმავლობაში ან ჯამში, რა თანხის ზარალი მიიღეს ბანკებმა კრიმინალური შემთხვევებისგან. ამ საკითხზე, ბუნებრივია, არც თავად ბანკის წარმომადგენლები საუბრობენ, თუმცა ფაქტია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში "საუკუნის ძარცვაც" კი დაფიქსირდა.

კერძოდ, 24 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალიდან ინკასაციის მანქანით 10 მილიონ ლარამდე გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვიდან დაახლოებით ორ კვირაში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ დრომდე ძებნაში მყოფმა ილია გელაშვილმა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" საცავიდან 9 197 771 ლარი გაიტაცა. ნაქურდალი ფული კი, თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ წინასწარი შეთანხმების თანახმად გადამალეს. სამართალდამცავებმა დაკავებულების საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას მოპარული თანხის ძირითადი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

2015 წელს ყაჩაღობის განსაკუთრებით ხშირი შემთხვევა "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში დაფიქსირდა. აპრილში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში შეჭრილმა თავდამსხმელმა საკმაოდ სოლიდური თანხის წაღებაც მოახერხა.

მიმდინარე წელს ოთხჯერ დააყაჩაღეს მუხიანის პირველ მიკრო რაიონში მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალიც. ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა თამარ მეფის გამზირზე მდებარე სერვის ცენტრშიც, საიდანაც თავდამსხმელმა 2500 აშშ დოლარი გაიტაცა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი ცხელ კვალზე აყვანა შეძლეს. "საქართველოს ბანკის" ფილიალი გაიძარცვა თბილისში, ბაზალეთის ქუჩასა და ზუგდიდშიც. ზუგდიდში უცნობი პიროვნება ბაკში სესხის აღების მიზეზით მივიდა, თუმცა როდესაც მოლარემ განუმარტა, რომ მას დავალიანება ჰქონდა და სესხს ვერ მიიღებდა, ოჩამჩირიდან დევნილმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, მოლარისგან თანხის გამოძალვა სცადა. თავდამსხმელმა თანხა შენობიდან გაიტანა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა. 2015 წელს მძარცველები არც "საქართველოს ბანკის" ტერმინალებს სწყალობდნენ. ჩოხატაურში "საქართველოს ბანკის" ტერმინალიდან, სავარაუდოდ, 16 000 ლარი წაიღეს.

2015 წელს რამდენჯერმე დააყაჩაღეს "ლიბერთი ბანკის" ფილიალებიც. მიმდინარე წლის თებერვალში "ლიბერთი ბანკის" სერვისცენტრი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა შენობიდან სეიფი გაიტაცეს, რომელშიც 3000 ლარი ინახებოდა. კახეთში, ანალოგიური შემთხვევა ანაგასა და ბადიაურშიც დაფიქსირდა. 2015 წელს "ლიბერთი ბანკის" სერვის ცენტრი დააყაჩაღეს თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩასა და თემქაზეც. 16 დეკემბერს კი, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში ოთხი შეიარაღებული პირი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფილიალიდან დაახლოებით 13 000 დოლარის, 18 000 ლარისა და 2 500 ევროს წაღება მოახერხეს.

თბილისის ცენტრში, პეკინის #25-ში გაძარცვეს "პროკრედიტ ბანკის" ფილიალიც. თვითმხილველებისა და ბანკის წარმომადგენლის ინფორმაციით, შენობაში სამი ნიღბიანი მამაკაცი შევიდა, რომლებიც სავარაუდოდ, სათამაშო პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. 18 სექტემბერს, შეიარაღებული პირები გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე "პროკრედიტ ბანკშიც" შეიჭრნენ, თუმცა შსს-მ დამნაშავეები შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავა. "პროკრედიტ ბანკის" ფილიალი გაიძარცვა ჭავჭავაძის გამზირზეც, თუმცა წაღებული თანხის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.

2015 წელს "ვი-თი-ბი" ბანკის დაყაჩაღების მხოლოდ ერთი შემთხვევა გახმაურდა. 25 აგვისტოს, გორში, მძარცველმა 4865 ლარი, 800 აშშ დოლარი და 200 ევრო გაიტაცა, თუმცა სამართალდამცავებმა თავდამსხმელი მალევე დააკავეს.

რუსუდან შელია