აჭარის 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სესიაზე გამართულ კენჭისყრაში ბიუჯეტის პროექტს მხარი დარბაზში მყოფმა 13-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა. კერძოდ, რეგიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს "ქართული ოცნების" 10-მა დეპუტატმა, "ნაციონალური მოძრაობის" ორმა მაჟორიტარმა და "თავისუფალი დემოკრატების" ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ერთმა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ამავე პარტიის ხუთი დეპუტატი სხდომას არ ესწრებოდა, ხოლო დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

მთავარი საფინანსო დოკუმენტის მისაღებად მინიმუმ, 11 ხმა იყო საჭირო. აჭარის ბიუჯეტი წელს 232 მილიონი ლარია. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ განაცხადა, აჭარას წელს ისტორიულად ყველაზე დიდი ბიუჯეტი აქვს, რაშიც პრიორიტეტები ენიჭება ჯანდაცვის მიმართულებებს, ტურიზმს, სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს და გზების რეაბილიტაციას.

"ყველა დეპუტატს მადლობა მინდა გადავუხადო, ჩვენ მივიღეთ ყველაზე დიდი ბიუჯეტი აჭარის ისტორიაში, რომელიც 48 მილიონით არის გაზრდილი და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. ბიუჯეტი 232 მილიონი ლარია და აქ არის გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება, მცირე და საშუალო ტურისტული პროექტები, 2012 წელს სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, გზების საკითხი და სხვა", - აღნიშნა დავით ბალაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ზამბახიძე, რომელიც დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა, აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მისი თანაპარტიელები მოისყიდა და ამ გზით მიიღო "კორუფციული ბიუჯეტი". პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ნაწილობრივ მუქარით და ნაწილობრივ "მომავლის გარანტიებით" დაითანხმეს კენჭისყრაში მონაწილეობზე. "ქართული ოცნება" გადავიდა მოსყიდვაზე. მთავრობა ამ კორუფციული ბიუჯეტის ხარჯზე გაურიგდა ოპოზიციონერ დეპუტატებს და მათი გადაწყვეტილებების შეცვლაც ასე აიხსნება. ეს არის ხელისუფლების სისუსტე, აქ იყო ის პრობლემა, რომელიც ამ ხელისუფლებას გადაიყოლებს. საუბარი იყო მომავალ გარანტიებზე, თანამდებობებზე და, რა თქმა უნდა, იყო მუქარის ელემენტებიც. ის დეპუტატები, რომლებმაც შეცვალეს პოზიცია, მოხდა ზეწოლა. "ქართული ოცნება" არის მოძალადე ხელისუფლება, მაჟორიტარებს მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიაცემინეს ხმა", - აღნიშნა პეტრე ზამბახიძემ.

პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. როგორც მან აღნიშნა, მასზე განხორციელდა გარკვეული მორალური წნეხი, თუმცა აზრი არ შეუცვლია. "უმაღლესი საბჭოს რამდენიმე ოპოზიციონერმა წარმომადგენელმა სრულიად დაუსაბუთებლად შეიცვალა პოზიცია. კენჭისყრის დროს ბუნებრივია, შევესწრებოდი ამ ფაქტს. ამას მე ვეძახი "კაცის წახდენის მომენტს", რომელიც ჩემთვის არის მძიმე, იმიტომ, რომ ყოველი წახდენილი ადამიანი არ მიდის ჩვენგან შორს, რჩებიან ჩვენს საზოგადოებაში და ამით ძალიან გვირთულდება ცხოვრება. თვალი ავარიდე ამათ ფერისცვალებას. მე ქალს თუ ვერ მაშინებენ, კაცს რისი ეშინია? მორალურად მაწვებოდნენ, იპოთეკარები მომიქსიეს, მაგრამ მთავარია, ოპოზიციამ იცოდეს თავისი ადგილი", - აღნიშნა მედეა ვასაძემ. დღეს აჭარის ბიუჯეტი დასამტკიცებლად მეორედ გაიტანეს. პირველად, 24 დეკემბერს ფინანსური დოკუმენტის პროექტს დეპუტატების უმრავლესობამ ხმარი არ დაუჭირა.