Financial Times: 2016 წელი რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე იქნება

ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირების ფონზე, რუსული რუბლი წლიურ მინიმუმამდე დაეცა, რუსეთში კი ეკონომიკური ვარდნის გაგრძელების პერსპექტივა შეიქმნა.

გამოცემა Financial Times-ის პროგნოზით, ეკონომიკური კრიზისი რუსეთში 2016 წელსაც გაგრძელდება.

"ამ წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ ქვეყანამ კრიზისის პიკი გადალახა, თუმცა ახლა ეს "ოპტიმისტური მოლოდინები" წარსულში დარჩა.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2016 წელს რუსეთის მშპ 0,7%-ით შემცირდება, რუსეთის ცენტრალური ბანკი კი 0,5-1%-ით შემცირებას პროგნოზირებს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ერთი ბარელის ნავთობის ფასი 50 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

როგორც რუსეთის ცენტრალურ ბანკში აღნიშნავენ, თუ ერთი ბარელის ღირებულება მომავალ წელს 25 აშშ დოლარს შეადგენს, ქვეყნის მშპ 2-3%-ით შემცირდება", - წერს ბრიტანული გამოცემა.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი და ეკონომიკური განვთიარების მინისტრი ალექსანდრ ულუკაევი აცხადებენ, რომ ნავთობზე დაბალი ფასები მომავალ წელსაც შენარჩუნდება. ნოვაკი ამაში საუდის არაბეთს ადანაშაულებს, რომელიც ნავთობის მოპოვების მოცულობის შემცირებაზე უარს აცხადებს და ამით "ბაზრის დესტაბილიზაციას" ახდენს.

Financial Times აღნიშნავს, რომ ეკონომიკური პრობლემები რუსეთის პოლიტიკური ქმედებებითაა გამოწვეული. მაგალითად, უკრაინული და თურქული საქონლის იმპორტის აკრძალვამ შესაძლოა, ინფლაციის ზრდა გამოიწვიოს.

"მიუხედავად ამისა, კვლავ უცნობია, მიმართავს თუ არა კრემლი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე უფრო ზომიერ საგარეო პოლიტიკას", - ნათქვამია Financial Times-ის სტატიაში.