ნოდარ ხადურმა ახალი წელი თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ახალი წელი ტრადიციულად თანამშრომლებთან ერთად აღნიშნა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, 2016 წლის დადგომა მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-ტექნოლოგიების ცენტრის პროგრამისტებთან ერთად იზეიმა.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველი იანვრიდან 125 სახაზინო კოდი ერთიან სახაზინო კოდში ერთიანდება, რაც გაამარტივებს გადასახადის გადახდის პროცედურებს. ამ რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება საგადასახადო ტრანზაქციების რაოდენობა, რაც შესაბამისად, ნაკლებ დროს და რესურსს მოითხოვს გადამხდელისგან. გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება ასევე ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას საქართველოში. მათივე ინფორმაციით, საინფორმაციო-ტექნოლოგიების ცენტრის პროგრამისტები 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეცვლიან და გაამარტივებენ რამდენიმე ასეული ათასი გადასახადის გადამხდელის პირადი ანგარიშსწორების ბარათის სტრუქტურას. "ამისთვის, ისინი დაითვლიან ნაშთებს ძველი სტრუქტურის მიხედვით და გადაიტანენ ახალ სტრუქტურაში. ასევე, ყველა პროგრამაში, რომლითაც გადამხდელები ახორციელებენ ვალდებულებების დეკლარირებას, შევა ცვლილებები, რათა შესაბამისი ინფორმაცია აისახოს ახალ სტრუქტურაში და უკვე პირველი იანვრის დილიდან გადამხდელებმა შეძლონ ახალ სისტემაში მუშაობა", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ფინანსთა მინისტრთან ერთად თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცეს მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეებმა.