"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქობულეთის სოფლებს ელექტროენერგია უახლოეს პერიოდში აღუდგებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამ დროისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 5 სოფელი. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განაცხადეს, კომპანიის ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მომხმარებლებს ელექტრომომარაგება უახლოეს პერიოდში აღუდგებათ.

ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება დიდთოვლობამ გამოიწვია. სტიქიას ქობულეთში მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. როგორც ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ განაცხადა, დიდთოვლობის გამო ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით შეფერხდა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა, დაზიანდა მრავალწლიანი ნარგავები და ელექტროგადამცემი ხაზები. ასევე, გამგებლის ინფორმაციით, ქობულეთის 11 სოფელს შუქი არ მიეწოდებოდა. ქობულეთის დაბებში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრამდეა, ხოლო სოფლებში 80 სანტიმეტრს აღწევს. ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს.