ფინანსთა სამინისტრო - ზოგიერთი დასახელების სიგარეტის გაძვირებასთან აქციზის გადასახადის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს

ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასის მნიშვნელოვან გაძვირებასთან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ფასის მატება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს უკავშირდება. "ზოგიერთი დასახელების სიგარეტის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას და ჩვენი აზრით, ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა. როგორც სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე. საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა.

აღნიშნული ცვლილებები მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა.