ბაჰრეინმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

საუდის არაბეთის შემდეგ ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა ბაჰრეინმა გაწყვიტა. როგორც "ბი-ბი-სი" წერს, ბაჰრეინის მინისტრმა მედიასაშუალებების საკითხებში ისა ჰამადიმ განაცხადა, რომ ირანელი დიპლომატები ქვეყანას 48 საათის განმავლობაში დატოვებენ. თავის მხრივ, სუდანმა ირანის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა კი ირანში დიპლომატიური მისია შეამცირა.

მანამდე, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა საუდის არაბეთმა გაწყვიტა. ურთიერთობა რეგიონულ ქვეყნებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამდენიმე დღის წინ, ერ-რიადის გადაწყვეტილებით, ტერორიზმის ბრალდებით 47 შიიტი სიკვდილით დასაჯეს. მათ შორის იყო ცნობილი შიიტი მქადაგებელი ნიმრ ალ-ნიმრი, რომელიც სამეფოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობის უფლებებს იცავდა.

გუშინ ასობით ირანელი თეირანში მდებარე საუდის არაბეთის საელჩოს დაესხა თავს და შენობის დაწვა სცადა. ამის შემდეგ ირანიდან საუდელი დიპლომატების ევაკუირება განხორციელდა.