"ირანი სომხეთს მიაწვდის დამატებით გაზს, რუსეთი კი - სანაცვლოდ ჩვენ"

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ირანის მიერ საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ პოსტს აქვეყნებს.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"მთავრობამ შეიძლება ირანული შირმით გაზპრომი შემოიყვანოს.

მას შემდეგ, რაც ირანულმა პრესამ საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებების შინაარსი გამოაქვეყნა, მთავრობა იძულებული გახდა ეს ფაქტი დაედასტურებინა. გაზის შემოტანას სომხეთის გავლით აპირებენ.

საბჭოთა პერიოდში ირანული გაზი აზერბაიჯანის გავლით ცალკე მილსადენით შემოდიოდა საქართველოში. დღეს ის ამორტიზებულია. იგი ამ ათიოდე წლის წინათ გამოგვადგა, როცა რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში სპეციალურად ააფეთქა ჩვენთან დამაკავშირებელი გაზსადენი და ცივ ზამთარში გასაყინად გაგვწირა. იგი ერთ თვეში ”აღადგინეს”. სწორედ ერთი თვე ყოფნის სომხეთს თავისი მიწისქვეშა გაზსაცავის რეზერვები. ამიტომაც გახდა რუსეთი იძულებული, განეახლებინა გაზის მიწოდება.

ირანიდან სომხეთში ვიწრო, დაბალი გამტარიანობის მილსადენით მიეწოდება გაზი. ვარაუდობენ ამ გაზის მიერთებას ჩრთილოეთ-სამხრეთის (რუსეთ-საქართველო-სომხეთის) მაგისტრალურ გაზსადენთან. ალბათ, პარალელურ, სარეზერვო მილთან. მთავარში რუსული გაზი მიედინება სომხეთისაკენ. ტექნიკურად ეს არც თუ ისე ადვილია, თუმცა არაშეუძლებელი.

უფრო სხვა რამეა მოსალოდნელი: ირანი სომხეთს მიაწვდის დამატებით გაზს, რუსეთი კი სანაცვლოდ ჩვენ. არავითარი ირანული გაზი აქ არ შემოვა. გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდება, რომ რუსული გაზი უფრო ”იაფი” აღმოჩნდება ირანულთან შედარებით, რაც საფუძველი გახდება კონტრაქტის შეცვლის.

გარდა ამისა, სომხეთში არსებული მილსადენები ეკუთვნის რუსეთს და ყოველთვის შეიძლება იგი გადაიკეტოს საქართველოსთვის, ”გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების” გამო.

ირანთან გასაფორმებელი ხელშეკრულების აუცილებელი მონაწილე გაზპრომიც იქნება.

ამ პროცესში იკარგება დრო აზერბაიჯანისადმი დამატებითი გაზის მოსათხოვნად.

მას შემდეგ, რაც თურქეთის და აზერბაიჯანის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ შაჰდენიზ 2-ის პროექტი და დამატებითი გაზის მოცულობები დაგეგმილ 2018 წელზდ ადრე იქნას მიღებული და შესაბამისად, ჩვენს ტერიტორიაზე გატარებული, მთავრობის ასეთი ფორსირებული აქტივობები რუსული მიმართულებით ბევრ ეჭვს აღძრავს. მათ შორის იმას, ხომ არა აქვს რუსეთს საქართველოს მთავრობაზე, უფრო ზუსტად მის არაფორმარულ მმართველზე ზემოქმედების დამატებითი, ჩვენთვის დღემდე უცნობი ბერკეტები?

ან შეიძლება, უბრალოდ, ინტერესთა თანხვედრა იყოს?", - წერს რომან გოცირიძე.