გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევა 2016 წლის ბოლომდე არ მოხდება

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევა 2016 წლის ბოლოს, სებ-ის საბჭოს, ფაქტობრივად, ახალი შემადგენლობიდან მოხდება.

რაც შეეხება იმ კონსულტაციებს, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შესარჩევად მართავს, კეპულაძის თქმით, ჯერჯერობით ერთი შეხვედრა გაიმართა.

"ეს არ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესარჩევი კონსულტაციები, რადგან ჩვენ პირდაპირ ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს არ ვეძებთ. ეროვნული ბანკის საბჭოში 7 წევრი შედის, აქედან ერთს - გიორგი ქადაგიძეს ვადა თებერვალში ეწურება და შესაბამისად, ის უნდა შეიცვალოს. პროცედურა ასეთია: პრეზიდენტი პარლამენტს კანდიდატურას წარუდგენს და თუ საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა, საბჭოს წევრი გახდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შემდეგ უკვე ირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან მისი წევრების გადაწყვეტილებით, მას პრეზიდენტი ნიშნავს, პარლამენტის მხარდაჭერა არ სჭირდება", - განაცხადა კეპულაძემ.

როგორც ცნობილია, ქადაგიძის გარდა, 2016 წლის განმავლობაში ვადა ეწურება ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ სამ წევრს, ამიტომ გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევა დიდი ალბათობით სწორედ წლის ბოლოს, საბჭოს ფაქტობრივად ახალი შემადგენლობიდან მოხდება.

"ამაზე უკვე "ქართული ოცნებაც" ღიად საუბრობს და არ არის გამორიცხული, რომ ეროვნული ბანკის ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის რანგში განაგრძოს მუშაობა", - განაცხადა კეპულაძემ.

აღნიშნულ კონტექსტში, "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე ძირეულ ცვლილებებს საბჭოში და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე სწორედ წლის ბოლოს ელოდება.

"უკვე წლის ბოლოს პარლამენტის ახალ შემადგენლობას მოუწევს იმ სამი წევრის დამტკიცება. როგორი პოლიტიკური კონიუნქტურა იქნება, ვინ იქნება ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობაში და რა როგორ იქნება, ეს ცალკე თემაა", - განაცხადა კეპულაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ამ ეტაპზე მიმდინარე კონსულტაციებს, გიორგი კეპულაძის განცხადებით, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტმა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, სურვილის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ერთი ან რამდენიმე კანდიდატი უნდა წარუდგინოს.

"შესაძლებელია, რომ ზოგმა კანდიდატი საერთოდ არ წარადგინოს, თუმცა შერჩევის პროცესში ჩართული იქნება. შერჩევის პროცესი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამჯერად უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილს კანდიდატურებს წარვუდგენთ, ერთად განვიხილავთ. მთელი ეს ჯგუფი სავარაუდოდ, 5-დან 3 კანდიდატზე შევჯერდებით და შემდეგ უკვე პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის წარადგენს პარლამენტში", - განაცხადა კეპულაძემ.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, გიორგი კეპულაძის თქმით, "ეს არის ძალიან მარტივი - კანდიდატს ფინანსური, საბანკო ან ეკონომიკური განათლება უნდა ჰქონდეს. სასურველია დასავლეთში მიღებული".

"საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არავინაა შერჩეული. მისივე თქმით, იყო საუბრები გარკვეულ ადამიანებთან, თუმცა საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

"ეროვნული საბჭოს წევრობა პატარა თანამდებობა არ არის, ასევე გასათვალისწინებელია პოლიტიკური ასპექტები, რადგან პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. შესაძლებელია, რომ საკანონმდებლო ორგანომ პირველ ჯერზე მას მხარი არ დაუჭიროს და მეორედ გახდეს წარსადგენი, ანუ მას გარკვეული პოლიტიკური ბატალიები ექნება გასავლელი და ამისთვისაც, ალბათ, მზად უნდა იყოს", - აღნიშნა კეპულაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევას კონსულტაციების გზით აპირებს. როგორც პრეზიდენტის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა, ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნესასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებსა და თავად საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაიმართება. კონსულტაციების ფარგლებში აბაშიშვილმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა.