დიმიტრი ქუმსიშვილი - მთავრობის ოთხდღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად სიტუაცია სტაბილურია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდთოვლობასთან დაკავშირებით მთავრობის ოთხდღიანი მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა. როგორც ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში, კოორდინირებულად მოქმედებენ. მისივე თქმით, მთავრობის ოთხდღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად სიტუაცია სტაბილურია.

"დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში, კოორდინირებულად მოქმედებენ და მთავრობის ოთხდღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად სიტუაცია სტაბილურია. დასავლეთ საქართველოში, სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა ობიექტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს. რეგიონებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ასამდე ერთეული ტექნიკა, რომლებიც საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ", - განაცხადა ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, ადგილებზე იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

"პრემიერ-მინისტრის დავალებით, გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს ადგილზე კოორდინირებას უწევენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი. საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.