მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობის ცვლილების შემდეგ უნდა მოხდეს

საზოგადოება "20/30"-ის წევრი მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობის ცვლილების შემდეგ უნდა მოხდეს. როგორც დუნდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობა არის პოლიტიკურად ანგარიჟებული და მისი წევრები პროფესიონალები არ არიან.

"ჯერ საბჭოს ცვლილება უნდა განხორციელდეს და შემდეგ უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევა. რამდენიმე წევრს ეწურება ვადა. ძალიან კარგი იქნება თუ საბჭოს ამჟამინდელ პოლიტიკურად ანგარიჟებულ წევრებს ჩაანაცვლებენ ნეიტრალური, პროფესიონალი ადამიანები. საბჭოს დღევანდელ შემადგენლობაში ძლიერია ნეპოტისტური კავშირები. რამდენიმე წევრი ფინანსისტი და ეკონომისტი საერთოდ არ არის, რაც ძალიან ცუდია. საბჭო უნდა იყოს დაკომპლექტებული ისე, რომ მათ შორის ინტერესთა კონფლიქტი, ხელის დაფარების, რაიმე გარიგების მომენტი გამოირიცხოს", - განაცხადა დუნდუამ. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ პრეზიდენტმა საბჭოს ახალი წევრების შესახებ პარლამენტთან კონსულტაცია გაიაროს.

"საბჭოს შემადგენლობის ავკარგიანობაზე პასუხისმგებელია პარლამენტი და პრეზიდენტი. როდესაც პრეზიდენტს სურს შეცვალოს საბჭო, კონსულტაციები უნდა გაიაროს პარლამენტთან, რომელმაც ეს წევრები უნდა დაამტკიცოს. თუ ასე არ მოხდა და ეს კონსულტაციები პრეზიდენტმა არ გაიარა პარლამენტთან, ამ პროცესს კარგს ვერ ვუწოდებ. საქართველოს ისტორიაში უნდა დადგეს ისეთი მომენტი, როდესაც პრეზიდენტი უთანხმებს კანდიდატებს პარლამენტს", - განაცხადა დუნდუამ. რაც შეეხება იმ ექსპერტების განცხადებებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა დროულად უნდა მოხდეს, დონდუას თქმით, ისინი მხარს უჭერენ საბჭოს დღევანდელ შემადგენლობას და სწორედ დღევანდელი შემადგენლობიდან სურთ პრეზიდენტის არჩევა.

"იმ ექსპერტებს, რომლებიც ამას მოგვიწოდებენ, შესაბამისად, არც ერთი ამ წევრის მიმართ შენიშვნა არ აქვთ. ვინც ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევა დროულად უნდა მოხდეს, უნდათ, რომ სწორედ ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტების მხრიდან დაინიშნოს პრეზიდენტის პოსტზე. მათ ახალი წევრების დანიშვნა კი არა, ამ საბჭოს შემადგენლობიდან უნდათ ახალი პრეზიდენტის არჩევა", - აღნიშნა დუნდუამ.