მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.15-2.20 უნდა იყოს

საზოგადოება "20/30-ის" წევრი მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.15-2.20 უნდა იყოს. როგორც დუნდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ლარი ამ კურსზე იმ შემთხვევაში დადგება, თუ ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

"ეროვნულ ბანკს რომ 2012 წლის შემდეგ არ შეეცვალა პოლიტიკა და სრული მხარდაჭერა არ გამოეცხადებინა სამომხმარებლო სესხების მიმართ, ჩვენ დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს დავზოგავდით. თუ ეროვნული ბანკი შეასრულებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციას, დარწმუნებული ვარ, კურსის სტაბილიზაცია მოხდება და ის არ იქნება 2.41. კურსი უნდა შეადგენდეს 2.15-2.20-მდე შუალედს. სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, არ შეიძლება სავალუტო რისკისგან დაუზღვეველ მოსახლეობას უცხოურ ვალუტაში მიეწოდოს სესხი. იპოთეკური სესხები სწორედ უცხოურ ვალუტაშია ჩვენთან ფიქსირებული. სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, არ შეიძლება სამომხმარებლო სესხის მომსახურება აღემატებოდეს ყოველთვიურ შემოსავალს. მაგალითად, არ შეიძლება შემოსავლის ნახევარზე მეტი ხმარდებოდეს სესხის მომსახურებას. საბოლოო ჯამში, რეკომენდაციების გათვალისწინება გამოიწვევს იმას, რომ მნიშვნელოვნად, დაახლოებით 40%-ით შემცირდება სამომხმარებლო სესხი, რაც საბოლოო ჯამში, ერთი წლის განმავლობაში მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალებას გვაძლევს", - განაცხადა დუნდუამ.