პარლამენტმა ეროვნული ბანკის და აუდიტის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშები არ მოისმინა

პარლამენტმა 2015 წლის საქმიანობა ისე დაასრულა, რომ პლენარული სხდომის ფორმატში არც ეროვნული ბანკის და არც აუდიტის სამსახურის ყოველწლიური ანგარიში არ მოისმინა. ამით კანონმდებლებმა რეგლამენტი დაარღვიეს, რომლის მიხედვით, ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიშები, პარლამენტს შესაბამისი კომიტეტების მიერ ანგარიშების თაობაზე დასკვნების წარდგენიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა განეხილეთ და დადგენილებაც მიეღოთ.

ორივე უწყების მხრიდან გაწეული საქმიანობის ანგარიშები პარლამენტში კანონით დადგენილ ვადაში – მაისის ბოლოს გადაიგზავნა. ამის შემდეგ მათ მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოუსმინეს, სესიაზე კი საკითხი აღარ გასულა.

"ჩვენ, ჩვენის მხრიდან, კომიტეტში ყველაფერი განხილული გვქონდა და დასკვნა პარლამენტს წარვუდგინეთ. საკითხს დღის წესრიგში როდის ჩასვამენ, ეს ჩვენი კომიტეტის უფლებამოსილება არ არის. რამდენადაც მახსოვს, ანგარიშების განხილვა ერთხელ კვორუმის პრობლემის გამო გადაიწია და მერე რატომღაც დღის წესრიგში აღარ დამდგარა - აღარ მახსოვს, რატომ. ჩვენ ვალდებულება იმისა, რომ ანგარიშები კომიტეტზე განგვეხილა, შევასრულეთ. მერე რა მოხდა, შეგიძლიათ საორგანიზაციო დეპარტამენტს ჰკითხოთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა.

ცნობისთვის, აუდიტის სამსახურის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში არც 2014 წელს მოისმინეს.