ირაკლი კოვზანაძე - ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო სამუშაო პირობების შექმნას და კანონის შესრულების მონიტორინგს ითხოვს

ის, რასაც ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო ითხოვს, სამუშაო პირობების შექმნა და კანონის შესრულების მონიტორინგია, - ამის შესახებ სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს. პარლამენტში, დავით უსუფაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით კოვზანაძე დამატებით განმარტებებს აკეთებს. "ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო შექმნილი და დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. სააგენტომ 30 ნოემბერს წერილით მიმართა პარლამენტს, მომხდარიყო სააგენტოსთვის სამუშაო პირობების შექმნა და კანონის შესრულების მონიტორინგი. ეს არის და ეს. საკონსტიტუციო სასამართლომ რაღაც საკითხები შეაჩერა, რაღაც – არა. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. არ ვსაუბრობთ არც ხელფასის დანიშვნაზე, არც ბიუჯეტზე. ჩვენ ვითხოვთ, რომ განხორციელდეს კანონის შესრულების მონიტორინგი და სამუშაო პირობების შექმნა", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძე. მან აქვე განმარტა, რომ საზედამხედველო სააგენტო ვერ ფუნქციონირებს თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ არა აქვს ოფისი შეკრებისათვის.

"სააგენტოს არც ერთ წევრს ფუნქცია შეჩერებული არ აქვს, მაგრამ არა გვაქვს ადგილი შეკრებისათვის", - აღნიშნა კოვზირიძემ. სპეციალური წერილით დავით უსუფაშვილს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წარმომადგენლებმა 30 ნოემბერს მიმართეს.

"როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის სექტემბერში, პარლამენტის მიერ დამტკიცდა სსიპ "საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს" საბჭოს შემადგენლობა, საბჭოს თავმჯდომარე და სააგენტოს უფროსი. სააგენტო დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას და მოახდინა: 1) სააგენტოს დებულების 2) საშტატო ნუსხის 3) სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის და 4) სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. სააგენტოს ხსენებეულ სხდომაზე, საბჭოს წევრის სტატუსით მონაწილეობას იღებდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელი. მიმდინარე წლის ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სააგენტოს საბჭოსა და სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება შეეზღუდათ გარკვეული ოპერაციების წარმართვისათვის, მაგრამ მთელ რიგ საკითხებზე მუშაობის უფლება კვლავ ძალაშია. შესაბამისად, სააგენტოს მუშაობისთვის საჭირო აუცილებელი პირობები (სამუშაო შენობა, კომპიუტერული ტექნიკა, სახელფასო ბიუჯეტი და სხვა) რაც კანონის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი ამ ეტაპზე არ შესრულებულა. ასევე არ არის განსაზღვრული სააგენტოს საბჭოს წევრების სარგო. გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის კომიტეტებს კანონის შესრულების მონიტორინგის განხორციელება", - ნათქვამია დავით უსუფაშვილისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აწერენ საფინანსო ზედამხდეველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე და საბჭოს წევრები: ტერნესი, ურუმაშვილი და გალდავა. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი კონსტანტინე სულამანიძე და ირაკლი კოვზანაძე პარლამენტში იმყოფებოდნენ, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს და მის პირველ მოადგილეს ნოდარ ებანოიძეს შეხვდნენ.