გიორგი კვირიკაშვილი - შევეცადოთ, კარგი კომპანიები წავახალისოთ, ხოლო ვინც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, გამოვიყენოთ სანქციები

შევეცადოთ, რომ კარგი კომპანიები წავახალისოთ, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, გამოვიყენოთ სანქციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან ელექტროენერგიის მიწოდებისა და გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

"სამწუხაროდ, როგორც ბანტონმა ნოდარ ჯავახიშვილმა ბრძანა, ყველა კონტრაქტორმა ვერ გაითავისა ის ვალდებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ, ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, რომ უპირეველს ყოვლისა მოსახლეობას მივაწოდოთ რეგულარული ინფორმაცია ბრიფინგის სახით გზების დეპარტამენტის ან შესაბამისი უწყების მხრიდან და მეორე, ასეთი პრობლემების გამო, ვერ ხდება ძირითადი სერვისების მიწოდება, მოქალაქეების გადაადგილების ნაწილში შეფერხებებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს ავადმყოფთან და შეიძლება რაიმე უბედურება მოხდეს. მე მინდა, როგორც კახი კალაძემ ბრძანა, თუ კონტრაქტორი კარგად ასრულებს ვალდებულებებს, წავახალისოთ და მადლობაც უნდა ვუთხრათ, ასევე მომავალ თანმშრომლობაში გავითვალისწინოთ და თუ ვერ ასრულებს, პირიქით, გამოვიყენოთ ის სანქციები, რაც საჭიროა. იმიტომ, რომ ალბათ ჩვენ თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ რა სტრუქტურით ვქირაობთ ჩვენ ამა თუ იმ კომპანიას და არც ის, რომ რომელიმე ჩვენი კონტრაქტორი ვერ ასრულებს ამა თუ იმ მოვალეობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა არის პასუხისმგებელი, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეეცადონ კარგი კომპანიები წაახალისონ, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, სანქციები იქნას გამოყენებული და ეს ყველაფერი მომავალ ურთიერთობებში იქნას გათვალისწინებული. "ამას რა თქმა უნდა, ჩვენი კონტრაქტორი კომპანიების გასაგონადაც ვამბობ",  - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.