8 იანვარს ბათუმში "ბიბლუსის" სამივე ფილიალში შესული თანხა მთლიანად გადაეცემა წიგნის მაღაზიას ,,წიგნები ბათუმში"

8 იანვარს ბათუმში მდებარე "ბიბლუსის" სამივე ფილიალში შესული თანხა მთლიანად გადაეცემა წიგნის მაღაზიას ,,წიგნები ბათუმში". როგორც ცნობილია, დიდთოვლობამ "წიგნები ბათუმში" საწყობი და იქ შენახული წიგნების 50%-ზე მეტი გაანადგურა. წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მეგობარი წიგნის მაღაზიის დახმარების ინიციატივით გამოდის.

"როდესაც ზღვისპირა ქალაქის მცხოვრებნი სიხარულით ეგებებოდნენ მონატრებულ თოვლს, ბათუმის ერთ-ერთ მყუდრო წიგნის მაღაზიაში, ნაირ-ნაირ წიგნებს ათოვდა. ჩვენ ვემსახურებით იმავე საქმეს და შესაბამისად, განვიცდით იგივე მწუხარებას! მეგობარი წიგნის მაღაზიის მხარდაჭერა პირდაპირ პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, სწორედ ამიტომ, 8 იანვარს, ქალაქ ბათუმში მდებარე "ბიბლუსის" სამივე ფილიალში შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა წიგნის მაღაზიას ,,წიგნები ბათუმში"! გავერთიანდეთ ლიტერატურისთვის!" - აცხადებენ "ბიბლუსში".

ბათუმში "ბიბლუსის" მაღაზიები მდებარეობს შემდეგ მისამართებზე: მემედ აბაშიძის # 62; გამსახურდიას # 44; ჭავჭავაძის # 60.