ოთარ კონჯარია – მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლების მხოლოდ სოციალური შეღავათები ბიუჯეტს 2016 წელს 40 მილიონ ლარამდე დაუჯდება

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" ახლადმიღებული კანონის მოსალოდნელ შედეგებსა და პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანს, ოთარ კონჯარიას ესაუბრა.

- ბატონო ოთარ, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ", რომელიც მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ითვალისწინებს. ეს კანონი მაღალმთიანი რეგიონების ყველა პრობლემას ერთბაშად, ალბათ, ვერ მოხსნის, მაგრამ ბევრი გაფუჭებული საქმის გამოსწორებას შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს. საზოგადოებამ უკვე იცის, რომ საქართველოს სოფლების 45%-ს, კერძოდ, 1600 პუნქტს მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, რომ ამ სოფლებში მცხოვრები პენსიონერები უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და ხელი შეეწყობა ამ დასახლებულ პუნქტებში მეწარმოების განვითარებას. თქვენი ინფორმაციით, სავარუდოდ, რამდენ ადამიანს შეეხება კანონის ამოქმედება და ზოგადად, როგორ ხედავთ ამ პროცესის შედეგებს?

- დიახ, საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანის სტატუსი 1600 დასახლებას მიანიჭა, და ჯამში 300 000-ზე მეტი მოსახლე, 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სოციალურ თუ საგადასახადო შეღავათს მიიღებს. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ოჯახებისთვის სოციალური დახმარების დაწესებას, რომლებიც კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე, ერთი წლის განმავლობაში, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ, მესამე და შემდეგ შვილზე კი 200-ლარიან დახმარებას.

პენსიონერებისთვის დადგენილია 20%-იანი დანამატი, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირისთვის პენსია დაახლოებით 216 ლარი გახდება. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისთვის განსაზღვრულია სახელფასო დანამატი, არანაკლებ 35%-ისა. ის პედაგოგები კი, რომლებიც განათლების სამინისტროს ცალკეულ პროექტებში მონაწილეობენ და ამ პროექტის ფარგლებში, მთაში სამუშაოდ წავიდნენ, არანაკლებ 50%-იან სახელფასო დანამატს მიიღებენ. გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე მოსწავლეებისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი ვაუჩერის მოცულობა იზრდება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ექიმებისთვის განსაზღვრულია პენსიის ორმაგი ოდენობის, ექთნებისთვის კი პენსიის ერთმაგი ოდენობის დანამატები. სოციალურ შეღავათებში შედის ზამთრის პერიოდში, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირების გათბობით უზრუნველყოფა.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებაც იგეგმება. სახელმწიფო ამ ხარჯების 50%-ს დაფარავს, ოღონდ ყოველთვიურად, არაუმეტეს 100 კვტ/სთ-ისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შეიმუშაოს დამატებითი სოციალური პროგრამები. ბავშვებთან დაკავშირებული შეღავათები 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, პენსიონერების, მასწავლებლებისა და სამედიცინო პერსონალისთვის განსაზღვრული შეღავათები კი ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევა. რაც შეეხება ელექტროენერგიის ხარჯებთან დაკავშირებულ შეღავათებს, ის 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

- მთავრობა აცხადებს, რომ მთის გაძლიერება და შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. თქვენი გათვლებით, რა დაუჯდება წელს ქვეყნის ბიუჯეტს "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონის ამოქმედება?

- მხოლოდ სოციალური შეღავათებისთვის, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული 2016 წელს დაიხარჯება 40 მილიონ ლარამდე, ხოლო 2017 წელს ეს თანხა გაიზრდება და დაახლოებით 100 მილიონს მიაღწევს. გარდა ამისა, ბიუჯეტში შეიქმნა მთის განვითარების ფონდი. 2016 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ფონდის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

- ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიზნესმენები, რომლებიც მთიან რეგიონებში წარმოებას განავითარებენ, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამ კანონის მიღების დღეს კომპანიებს, რომლებიც მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში წარმოება აქვთ, მოუწოდა, მიმართონ შემოსავლების სამსახურს. თუ გაქვთ ინფორმაცია, 1600 დასახლებულ პუნქტში, რომელსაც "მაღალი დასახლების სტატუსი" მიენიჭა, დაახლოებით რამდენი მცირე, საშუალო და დიდი საწარმო მოქმედებს და ხომ არ მიმართეს კომპანიებმა უკვე შემოსავლების სამსახურს?

- მაღალმთიან რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის წახალისების მიზნით მნიშვნელოვანია ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც კანონით განისაზღვრა. ბიზნესმენები, რომელთაც უკვე აქვთ ან მომავალში ჩადებენ ინვესტიციებს მთაში, შეღავათებით ისარგებლებენ ქონების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახდების კუთხით. მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მდებარე საწარმოები, 10 წლის განმავლობაში გათავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადისგან, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მეწარმე ფიზიკური პირები თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან. ამავე გადასახადისგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირებიც, რომლებიც ხელფასის სახით იღებენ შემოსავალს 6 000 ლარის ფარგლებში.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეღავათები არის მნიშვნელოვანი წახალისება ბიზნესისთვის, რაც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს გრძელვადიანი ინვესტიციები ჩადონ მთიან რეგიონებში. ეს, თავის მხრივ, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და გააძლიერებს იქ მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება "მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის" მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესის შესახებაც", რომლითაც განსაზღვრულია სტატუსის მინიჭების პროცედურები და კრიტერიუმები. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად დაინტერესებულმა მეწარმემ განცხადებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართოს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. თუ განცხადება აკმაყოფილებს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონით და მთავრობის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემოსავლების სამსახური ვალდებულია 60 დღის ვადაში განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით. საბოლოოდ, მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა.

- არაერთი სოფლის მცხოვრებლებმა გამოთქვეს უკმაყოფილება, რომ მათ დასახლებას მაღალმთიანი პუნქტის სტატუსი არ მიენიჭა. ხომ არ იგეგმება უკვე არსებულ სიაში გარკვეული პუნქტების დამატება?

- "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ცალკეული დასახლების გამონაკლისი შემთხვევების სახით მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად, დასაბუთებული შუამდგომლობით, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტმა და შესაბამისმა სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა. საბჭო განიხილავს მათ არგუმენტებს და თუ დაეთანხმა, მიმართავს მთავრობას წინადადებით, რომ დასახლებას მიენიჭოს მაღალმთიანის სტატუსი. მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში დამატებით დასახლებების შეყვანის საკითხს მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1-ელ აპრილამდე გეგმავს.

- მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს თუ მიმართეს ბიზნესის წარმომადგენლებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი საწარმოები გახსნან მაღალმთიან რეგიონში და დაახლოებით რამდენია ასეთი ბიზნესმენის რაოდენობა? ასევე, წლის ბოლომდე მაღალმთიან რეგიონებში რამდენი მცირე თუ საშუალო საწარმოს გახსნაა მოსალოდნელი და სავარაუდოდ, რამდენი ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი მათში?

- ჯერ, ალბათ, ნაადრევია საუბარი დამატებით რამდენი ახალი მცირე თუ საშუალო საწარმო გაიხსნება და რა მოცულობის ინვესტიცია იქნება ჩადებული მაღალმთიან რეგიონებში, მაგრამ ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია და უახლოეს პერიოდში მათი მხრიდან დაიწყება განცხადებების წარდგენა შემოსავლების სამსახურში სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

მიხედავად იმისა, რომ უკვე მოხდა ცალკეული რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ახალი ბიზნესპროექტების პრეზენტაცია, ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შემდეგი ნაბიჯი იქნება მთის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ,,მთის განვითარების კანონის გარდა, სწორედ ამ დოკუმენტებში მოხდება კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა. ყველაფერი სწორედ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გაიწერება.

- ქართველი ბიზნესმენების გარდა, არის თუ არა ამ კანონისადმი ინტერესი უცხოელი ინვესტორების მხრიდან და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უცხოელი ინვესტორების ფინანსები იქნას გამოყენებული მაღალმთიან რეგიონებში? თუ კი, ამ ეტაპზე რა პროექტებზე შეიძლება საუბარი და სავარუდოდ, წლის ბოლომდე ამ საქმეში რამდენი მილიონი დოლარის ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს უცხოელი ინვესტორების მხრიდან?

- საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში უცხოელი ინვესტორების მხრიდან ეკონომიურ აქტიურობაზე ამ ეტაპზე საუბარი რთულია. თუმცა, ის საგადასახადო შეღავათები, რომელიც 10 წლის ვადით არის დადგენილი, მათთვისაც განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იძლევა და წახალისების კარგი მექანიზმია ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ამ მიმართულებით მუშაობა ინვესრტორებთან გაგრძელდება და დრო გვანახებს, თუ რა შედეგები გვექნება ამ მიმართულებით.

- გაქვთ იმის მოლოდინი, რომ თუ ყველაფერი ის, რაზეც ისაუბრეთ, მეტ-ნაკლებად განხორციელდა, ხალხი დაიწყებს მაღალმთიან რეგიონებში დაბრუნებას?

- ჩვენი მთავარი მიზანია, უზრუნველყოფილ იქნეს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობა, ცხოვრების დონის ამაღლება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობით დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების განვითარება. ბუნებრივია, ურბანიზაციის პროცესის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ, ვფიქრობთ, აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს მიგრაციის პროცესს და მთიანი დასახლებების დაცლას.

კობა ბენდელიანი

წყარო: "ინტერპრესნიუსი"