საქართველოში თემატური რესტორნების ცნობილი ქსელი Hard Rock Café გაიხსნება

თბილისში, მაისში Hard Rock Café გაიხსნება. ლონდონში დაარსებული ბრენდის საქართველოში შემოსაყვანად 2 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ Hard Rock Café-ს თბილისის პროექტის მენეჯერმა, ლევან კარალაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქში მხოლოდ ერთი კაფე გაიხსენება.

”ეს არის საერთაშორისო ამერიკული ბრენდი, უნიკალური კონცეფციითა და დიზაინით. აქ წარმოდგენილი იქნება მსოფლიოში ცნობილი წამყვანი მუსიკოსების ინსტრუმენტები, აშშ-დან 50-ზე მეტი უნიკალური საგამოფენო ექსპონატი ჩამოვა და ჩვენს კაფეში განთავსდება. უნიკალურია მენიუც: იქნება ისეთი პროდუქცია, რომლითაც დღეს საქართველოში განებივრებული არ ვართ. იგივე ამერიკული სტეიკები, ნეკნები, ბურგერები და ასე შემდეგ. იქნება სცენაც”, - აღნიშნა ლევან კარალაშვილმა.

თბილისში Hard Rock Café ”TBC ჰოლდინგის” მხარდაჭერით შემოდის. ლევან კარალაშვილის ინფორმაციით, დედაქალაქში Hard Rock Café -ს წარმატებული მუშაობის შემთხვევაში, კაფე ბათუმშიც გაიხსნება.

Hard Rock Cafe პირველად ამერიკელებმა ლონდონში 1971 წელს გახსნეს. კაფე უნიკალურია თავისი ინტერიერით. განსაკუთრებული დიზაინი კედლებზე გამოფენილ ყველა იმ ნივთს გულისხმობს, რომელიც როკ მუსიკასთან არის დაკავშირებული. მოგვიანებით კაფეს ქსელი პოპულარული გახდა მუსიკალური რელიკვიებით, ცნობილი მუსიკოსების ინსტრუმენტებითა და სუვენირებით. ამჟამად Hard Rock Cafe-ს ქსელი მსოფლიოს 59 ქვეყანაშია წარმოდგენილი რესტორნების, სასტუმროებისა და კაზინოების სახით.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე