„ჰიპ ჯორჯია“ წარმოების განახლებას გეგმავს

გერმანული კომპანია „ჰიპის“ წარმომადგენლობა საქართველოში „ჰიპ ჯორჯია“ , რომელსაც წარმოება 2014 წლიდან შეჩერებული ჰქონდა, უახლოეს მომავალში მუშაობის განახლებას გეგმავს.

როგორც ,,ბიზნესპრესნიუსს ,,ჰიპის” ქართული წარმომადგენლობის დირექტორმა ვასილ ახვლედიანმა განუცხადა, ,,ჰიპი” დაინტერესებულია საქართველოს ბაზარზე განვითარებითა და განახლებით.

„ამ ეტაპზე კომპანია დასავლეთ საქართველოსა და კახეთში ეძებს შესაბამის მიწის ნაკვეთს, სადაც შესაძლებელი იქნება ბიომარცვლეულის მოყვანა და ფერმერული სამუშაოების წარმოება. ,,1000 ჰექტარი ან მეტი მიწის ფართობი გვესაჭიროება. ძებნის პროცესში სახელმწიფოც ჩართულია და ვიმედოვნებთ, ახლო მომავალში გადაწყდება აღნიშნული საკითხი, რასაც ,,ჰიპის” მხრიდან შემდგომი ინვესტიციები მოჰყვება”, - აღნიშნა ვასილ ახვლედიანმა.

როგორც ახვლედიანმა ,,ბიზნესპრესნიუსს” განუმარტა, ორი წლის წინ საწარმოს გაჩერების მიზეზი ნედლეულის სიმცირე და ბაზარზე არსებული კრიზისული სიტუაცია გახდა.

ამ ეტაპზე კომპანიის საკუთრებაში ცხინვალთან ახლოს მდებარე 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთია, სადაც მარცვლეულისა და ბოსტნეულის წარმოება მიმდინარეობს. ასევე აგარის ქარხანა, რომელმაც მუშაობა სულ ცოტა ხნის წინ ვაშლის დეფიციტის გამო შეაჩერა.

ქრისტინე გამთენაძე