"კოკა-კოლამ", "ბორჯომმა", "წყალი მარგებელმა" და "კასტელ ჯორჯიამ" ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

"კოკა-კოლამ", "ბორჯომმა", "წყალი მარგებელმა" და "კასტელ ჯორჯიამ" ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სარჩელის ავტორები "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებსა და "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების დამდგენი ნორმატიული აქტები არაკონსტიტუციურია, კერძოდ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 30-ე მუხლებს.

"სარჩელი ემყარება იმ არგუმენტაციას, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების დამდგენი სადავო აქტებით მოსარჩელეებს ეზღუდებათ საქართველოში საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის შესაძლებლობა. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი არაკონსტიტუციურია, რამეთუ ზღუდავს საკუთრების უფლებას იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელეებს უწევთ მეტი ქონებრივი ტვირთის გაღება, ვიდრე ეს აუცილებელია ჯეროვანი საგადასახადო ადმინისტრირებისთვის", - ნათქვამია სარჩელში.

სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელეების საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა-დარღვევის გარდა, არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი დისკრიმინაციულია იმდენად, რამდენადაც ის ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ არაალკოჰოლური სასმელების (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლების) მწარმოებლებს ეხება და მათთვის სრულიად უსაფუძვლო ფინანსურ ტვირთს წარმოშობს.

სარჩელის ავტორები (შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერი-ჯიზ კომპანია", შპს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", სს "წყალი მარგებელი" და შპს "კასტელ ჯორჯია") საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, რომ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი ზეპირი მოსმენით განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვიტოს. კომპანიებმა საკონსტიტუციო სასამართლოს დეკემბრის შუა რიცხვებში მიმართეს.