ზაქარია ქუცნაშვილი - ოკუპანტი ქვეყნის საწარმო "გაზპრომი" საქართველოს გაზს 2008-2012 წლებშიც აწვდიდა

ქვეყნის ენერგოუსაფთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეიძლება მოიაზრებოდეს რუსული, ყაზახური და ირანული გაზიც და მინდა შეგახსენოთ, რომ არც ერთი, არც მეორე და არც მესამე ქვეყანა დემოკრატიის მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და "გაზპრომს" შორის დაწყებული მოლაპარაკებების საწინააღმდგოდ გამოთქმულ არგუმენტებს არ იზიარებს. დეპუტატის თქმით, "ოკუპანტი ქვეყნის საწარმო "გაზპრომი" საქართველოს გაზს მათ შორის 2008-2012 წლებში აწვდიდა".

როგორც ქუცნაშვილი აცხადებს, "ჭკვიანი, ეროვნული ხელისუფალი ცდილობს, გაზის რაც შეიძლება მეტი მომწოდებელი ჰყავდეს ქვეყანას". "ვინც ამ სფეროში ჩახედულია, დამეთანხმება, რომ 1991 წელს, როცა ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, საქართველოს მომარაგება ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენზე იყო დამოკიდებული. არ არსებობდა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გაზსადენი და ბაქო-თბილისი-შაჰდენიზის გაზსადენი მოგვიანებით აშენდა. შესაბამისად, 1991 წლიდან დღემდე სომხეთის რესპუბლიკისთვის მიწოდებული ყოველი 1000-კუბამეტრ გაზიდან 10% საქართველოს გატარების სანაცვლოდ რჩება, ანუ თუ ვინმე კანონდარღვევას ეძებს, მინდა გითხრათ, რომ "გაზპრომისგან", როგორც გაზის სომხეთისთვის მიმწოდებლისგან, საქართველო, როგორც ამ გაზის ტრანზიტორი ქვეყანა, გაზის 10%-ს იღებდა 1991 წლიდან 2004 წლამდე, 2004 წლიდან 2012 წლამდე და 2012 წლიდან დღემდე.

ისმის კითხვა, 2008 წლიდან 2012 წლამდე, როდესაც ვუტარებდით გაზს სომხეთს, რატომ ვიტოვებდით "გაზპრომის" გაზს?! მაშინ მოგვეთხოვა, რომ სხვა კომპანიას მიაწოდებინა გაზი სომხეთისთვის, რადგან ეს ოკუპანტი ქვეყნის გაზი იყო. ასე რომ, საერთაშორისო ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში ასეთი რამ არ ხდება.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია საკუთარი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც დღეს მიღწეული არ არის. თუკი ადრე მარტო რუსულ გაზზე ვიყავით დამოკიდებული, ახლა ძირითადად აზერბაიჯანულ გაზზე ვართ დამოკიდებული და ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუკი გაფართოვდება შუა აზიური და ირანული გაზის მოწოდების შესაძლებლობებითაც. აქედან გამომდინარე, ჭკვიანი ეროვნული ხელისუფალი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი მომწოდებელი ჰყავდეს, მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს იმისათვის, რომ საკუთარი მოქალაქეების და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები დაიცვას. ასევე, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ შენდება ახალი თბოელექტროსადგურები და გვინდა, რომ თბოელექტროსადგურებმა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში საბაზისო ფუნქცია შეასრულონ", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.