პრეზიდენტის ადმინისტრაცია სემეკის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მთავრობასთან გამართავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სემეკის წევრობის ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონსულტაციებს მთავრობასთან გამართავს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

რაც შეეხება იმას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სემეკის წევრობის, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორ კანდიდატი უკვე მეორედ დაიწუნა, მათივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მორიგი უარიც "ყოველგვარი დასაბუთების გარეშე" შევიდა.

"პრეზიდენტის მიერ სემეკის წევრობის კანდიდატებად წარდგენილი მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის შესახებ უარი არის ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომამდე.

აღნიშნულ კანდიდატებზე უარი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციები გავმართოთ,"- აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტში.

მთავრობამ პრეზიდენტს სემეკის წევრობის, მის მიერ შერჩეული ორი კანდიდატი ისევ დაუწუნა. მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციისგან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილობითი სახით უარი უკვე მეორედ მიიღო.

წერილს, რომელიც დეკემბრის ბოლო რიცხვებით თარიღდება, ხელს ჯერ კიდევ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თანამდებობიდან მის გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიგზავნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სემეკის წევრობის 3 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატურები კონსულტაციების საფუძველზე ზაფხულში შეარჩია. სექტემბრის დასაწყისში მთავრობის ადმინისტრაციას შესათანხმებლად გიორგი ფანგანის, დავით ასლანიშვილისა და მარინა გულედანის კანდიდატურები გადაეგზავნა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს პარლამენტში წარსადგენად დასტური მხოლოდ ფანგანის კანდიდატურასთან დაკავშირებით მისცა. სექტემბრის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობას სემეკის დარჩენილი ორი წევრის ვაკანტურ ადგილზე უკვე მეორედაც იგივე – მარინა გულედანისა და დავით ასლანიშვილის კანდიდატურებით მიმართა და აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მათზე უარი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ითქვა. სექტემბრის ბოლოს გაგზავნილ წერილზე მთავრობას საბოლოო პასუხისთვის 3 თვე დასჭირდა და პრეზიდენტს აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებით ხელმეორე უარით უკვე დეკემბრის ბოლოს უპასუხა.

აღნიშნულის შესაბამისად, პრეზიდენტს სემეკის წევრობის დარჩენილ ორ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურის შერჩევა, სავარაუდოდ, თავიდან მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ სემეკის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებული წერილის გარდა მთავრობის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მიერ კიდევ ორი წერილია გაგზავნილი. ისინი საქართველო-ნატოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მთავრობის სხდომის მოწვევას და მის ფორმატში ქვეყნის პირველი პირისთვის ინფორმაციის მიწოდებას შეეხება, თუმცა რამდენიმე თვის წინ გაგზავნილ წერილებზე აღმასრულებელ ხელისუფლებას პასუხი ამ დრომდე არ გაუცია. "ინტერპრესნიუსი" შეეცადა გაერკვია, რამდენად არის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ თემებზე მთავრობის სხდომის მოწვევის შესაძლებლობა ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში მაინც, თუმცა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ სააგენტოს სატელეფონო ზარებს არც ერთხელ არ უპასუხა.