დიმიტრი ქუმსიშვილი - ანაკლიის პორტზე გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მომდევნო კვირას გახდება ცნობილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამ კვირაში ჩვენთან ჩვენი კონსულტანტები ჩამოვლენ. შესაბამისად, სავარუდოდ ამ კვირის ბოლოს, იმ კვირის დასაწყისში ჩვენ მოგახსენებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ქუმისშვილმა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ კონსულტანტებთან ერთად, იმიტომ, რომ ეს პროექტი არის რთული და კომპლექსურია, შესაბამისად ყველა დეტალი უნდა შეთანხმდეს.

ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წლის ივნისის თვეში დაიწყება და შვიდ ეტაპად განხორციელდება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტვირთბრუნვის შესაძლებლობა უნდა იყოს 100 მილიონი ტონა წელიწადში. მშენებლობა წარიმართება რამდენიმე ფაზად პორტის სიმძლავრის ზრდის ეტაპების მიხედვით - როცა პორტის არსებული ტვირთბრუნვა მიაღწევს პორტის გამტარუნარიანობის 90%-ს, კომპანია ვალდებული იქნება პორტის მშენებლობის შემდეგი ეტაპი დაიწყოს.