ლაშა აბაშიძე - გერმანული საკონსულტაციო კომპანიის შემოთავაზებული ხუთი ვარიანტიდან არჩევანს ყველაზე ოპტიმალურზე გავაკეთებთ

"შემოთავაზებული ვარიანტებიდან, ვფიქრობთ, ერთი ყველაზე ოპტიმალურია და არჩევანს მასზე შევაჩერებთ" , - ამის შესახებ დღეს თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებს საერთაშორისო კომპანია "A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung"-ის პრეზენტაციის მერე განუცხადა. გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ მერიას საბურთალოს რაიონში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ხუთი ვარიანტი შესთავაზა. მერიაში აცხადებენ, რომ საბურთალოს რაიონის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, კვლევის შემუშავება მათ ორ ცნობილ საერთაშორისო კომპანიას შესთავაზეს, რომელთაგან არჩევანი გერმანულ კომპანიაზე შეჩერდა.

"ჩვენ შევუკვეთეთ კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი მძიმე სატრანსპორტო კვანძის საცობებისგან განტვირთვას, როგორიცაა სააკაძის, 26 მაისის მოედანი, პეკინის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორიები. შესაბამისად, შერჩეულმა გერმანულმა კომპანიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელიც სატრანსპორტო ნაკადების დათვლის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინებით მომზადდა. საერთაშორისო კომპანია "A+S Consult GmbH Forschung und Entwicklung"-ის დასკვნა აღნიშნულ ტერიტორიებზე სატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის გაუმჯობესების რამდენიმე ვარიანტს ითვალისწინებს, მათ შორისაა საგზაო მოძრაობის რეგულირება, ჭკვიანი შუქნიშნების დაყენება, კუნძულების შექმნა და ა.შ. შემოთავაზებული ვარიანტებიდან, ვფიქრობთ, ერთი ყველაზე ოპტიმალურია და არჩევანს მასზე შევაჩერებთ. შესაბამისად, მანამ, სანამ ჩვენ რაიმე ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, სწორედ, ამ მოდელს გავითვალისწინებთ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურული განვითარება ქალაქში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი არ იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც", - განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

პრეზენტაციის მიხედვით, საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სააკაძის მოედანზე შესაძლოა, შუქნიშნები დამონტაჟდეს. აღნიშნული ვარიანტი ერთ-ერთია, რომელსაც საბურთალოს რაიონში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად გერმანული საკონსულტაციო კომპანია თბილისის მერიას სთავაზობს.