მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.  საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) დირექტორთა საბჭოს და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების და ასევე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგში მიღწეული პროცესის თაობაზე. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) რეჟიმის იმპლემენტაციას.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირთან ინტეგრაციის კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო ზრდის როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ეკონომიკურ მიმზიდველობას და სტაბილურობას.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და საქართველოში ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა საგარეო უწყების საქმიანობაზე კომერციული დიპლომატიის მიმართულების გაძლიერებასთან დაკავშირებით და ამ პროცესში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მაქსიმალურ ჩართულობაზე. აღინიშნა, რომ უწყების საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის გაზრდა და მისი გეოპოლიტიკური, საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალის თაობაზე ცნობადობის ამაღლება.

"მინისტრმა გააკეთა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია, თუ როგორ ხედავს საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების როლს ბიზნეს ურთიერთობების განვითარების მხრივ. ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, თავად მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩვენი ბიზნეს საბჭოს ერთ-ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, ჩვენ ბოლო ორი წლის მანძილზე მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და ეს არის გარანტი იმისა, რომ ჩვენმა ბიზნეს საბჭომ განსაკუთრებული შედეგები მიიღოს", - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ.