გიორგი გობრონიძე - თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო ბაზის გაუქმება თავდაცვისუნარიანობაზე დადებითად არ აისახება

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის გიორგი გობრონიძის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო-სარემონტო ბაზის გაუქმება თავდაცვისუნარიანობაზე დადებითად არ აისახება.

როგორც გობრონიძემ განაცხადა, სამშენებლო-სარემონტო ბაზის გაუქმება მთლიანობაში ნეგატიურად აისახება თავდაცვისუნარიანობაზე არამხოლოდ იმ კუთხით, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების, მათ შორის საიდუმლო ობიექტების მშენებლობის მიზნით ტენდერები უნდა გამოცხადდეს, არამედ თუნდაც მხოლოდ მართვის თვალსაზრისით.

"სასურველია, თავდაცვის სამინისტროს ჰქონდეს ეს კონკრეტული სამსახური. ჩვენ ამაზე სხვადასხვა სამხედროებთან და უშუალოდ დაინტერესებულ პირებთან ადრეც არაერთხელ გვისაუბრია", - აღნიშნა გობრონიძემ.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს არგუმენტს, რომ უწყების მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების 90% მრავალი წელია, ტენდერების შედეგად შერჩეული კომპანიების მიერ ხორციელდება და სამშენებლო-სარემონტო ბაზა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ძირითადად, თბილისში, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობით იყო დაკავებული, გობრონიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არასწორ მენეჯმენტთან, რომელიც უნდა გამოსწორდეს და არა – გაუქმდეს.

"ამ არგუმენტს, რა თქმა უნდა, აქვს არსებობის უფლება, მაგრამ აქ არის მეორე პრობლემა - რატომ იყო თავის დროზე აღნიშნული ბაზა დაკავებული მხოლოდ ამ სამუშაოებით? რატომ არ ასრულებდა სხვა სამუშაოებს და რატომ უწევდა თავდაცვის სამინისტროს კერძო კონტრაქტორებთან ურთიერთობა? ანუ გამოდის, რომ თავიდანვე არასწორად ხორციელდებოდა მენეჯმენტი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ნაწილის ან რომელიმე დარგის მენეჯმენტი არასწორად ხორციელდება, გამოსავალი მისი გაუქმება ნამდვილად არ არის. გამოსავალი არის მენეჯმენტის გამოსწორება და გაუმჯობესება", - განაცხადა იორგი გობრონიძემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, სამშენებლო-სარემონტო ბაზის რეორგანიზაცია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის არსებული ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების მიზნით ხორციელდება. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ბაზის სახელფასო ფონდი, ყოველწლიურად 7 მილიონ ლარს აღემატება, რაც სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების არასწორი, არაეფექტური და არამიზნობრივი გამოყენების მაგალითია.