გია ვოლსკი - "სოკარის" წარმომადგენელთან ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსებაზე იქნება საუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, ხვალ "სოკარის" წარმომადგენელთან ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხზე იქნება საუბარი.

ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საქართველოს გაზმომარაგებისა და "გაზპრომთან" მოლაპარაკებების საკითხებზე ექსპერტებთან შეხვედრას მართავს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მაღალი დონის ექსპერტებთან საინტერესო კონსულტაციები იმართება.

მისივე თქმით, ამ დღეებში დიდი დოზით გავრცელდა დეზინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში, გამიზნული და ხშირ შემთხვევაში, არა გამიზნული.

"საქმე იმაშია, რომ საქართველო თავისი სტრატეგიული პარტნიორისგან, აზერბაიჯანისგან "სოკარის" მეშვეობით, გაზის გარკვეულ რაოდენობას იღებს, რომელიც მოთხოვნილების დიდ ნაწილს აკმაყოფილებს. 2003 წლიდან დეფიციტის გარკვეული რაოდენობის შევსებას ახდენს "გაზპრომის" მეშვეობით. "გაზპრომს" აქვს ინტერესები, რომ სომხეთს მიაწოდოს ბუნებრივი აირი და რასაკვირველია, დამოკიდებულია იმ გატარებაზე, რომელსაც საქართველო უზრუნველყოფს. ასე რომ, ურთიერთდამოკიდებულება არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, არსებობს დეფიციტის შევსების აუცილებლობა, რაც 2003 წლიდან მოყოლებული ხორციელდება. საუბარია სხვადასხვა მოცულობაზე, დაწყებული 40 მილიონი კუბამეტრიდან, დამთავრებული 130-150 მილიონ კუბამეტრამდე, რასაც უზრუნველყოფს "გაზპრომი".

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ხვალ "სოკარის" წარმომადგენელთან იქნება საუბარი ასევე ბუნებრივი აირის დეფიციტთან დაკავშირებულ საკითხზე.

"ხვალ "სოკარის" წარმომადგენელი ჩამოვა, ექნებათ დეტალებზე საუბარი, ძირითადად, ფასზე და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ საიდან, რა წყაროთი შეავსონ დეფიციტი", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეხვედრას ექსპერტებთან ერთად ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებიც.

როგორც დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს საინტერესო შეხვედრა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ხდება დეფიციტის შევსება "სოკარის" მეშვეობით, ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საქართველო "სოკარისგან" იღებს იმას, რამდენსაც ის ფიზიკურად მოაწოდებს ქვეყანას.

"სოკარს" რისი მოწოდების საშუალებაც აქვს, მაქსიმალურად იმაზე უარს არავინ არ ამბობს. რამდენსაც ფიზიკურად მოგვაწოდებს, იმდენს იღებს საქართველო "სოკარიდან", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.