მიხეილ დუნდუა - შეუძლებელია აზერბაიჯანმა გაზის ის მოცულობა მოგვაწოდოს, რაც გვჭირდება

შეუძლებელია აზერბაიჯანმა მოგვაწოდოს გაზის ის მოცულობა, რაც გვჭირდება, - ამის შესახებ საზოგადოება "2030"-ის წევრმა, მიხეილ დუნდუამ ენერგეტიკის მინისტრისა და ექსპერტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრა იყო. დეტალურად ახსნა სამინისტრომ, თუ რა პროცესი მიმდინარეობს გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით. ვითარება არის ასეთი, რომ საქართველოში გაზის მოხმარება 2015 წელს 19%-ით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით. პიკურ პერიოდში უკვე ყოველდღიური მოხმარება 11 მილიონზე მეტია, შესაბამისად, აუცილებელი ხდება 2/2.5 მილიონის ყოველდღიური შესყიდვა და ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ. კითხვაზე, რამდენად აუცილებელია, რომ სწორედ რუსეთისგან მოხდეს ბუნებრივი აირის შესყიდვა, - დუნდუამ აღნიშნა, რომ "რა თქმა უნდა, აუცილებელია".

"6 მილიონის მიღება ხდება ერთი მილსადენიდან, 2,9 მილიონის - მეორე მილსადენიდან, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე გვაწვდის. აზერბაიჯანი გვთავაზობს ზოგადად, წლის განმავლობაში, მაგრამ პიკურ პერიოდში, როცა 11 მილიარდია გაზის ყოველდღიური მოხმარება, შეუძლებელია აზერბაიჯანმა მოგვაწოდოს გაზის ის მოცულობა, რაც გვჭირდება. ჩვენ გვრჩება 2/2,5 მლნ კუბური მეტრის შესყიდვის მოცემულობა, რომელთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა განვახორციელოთ შესყიდვა", - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.