BP 4 000 თანამშრომელს შეამცირებს

ნავთობის ფასის შემცირების ფონზე, ბრიტანული ნავთობკომპანია "ბრითიშ პეტროლიუმი" უახლოესი ორი წლის განმავლობაში 4 000-ზე მეტ თანამშრომელს დაითხოვს.

შემცირებები შეეხება რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს, ანგოლასა და აზერბაიჯანს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, 2017 წლისთვის BP-ს თანამშრომელთა რაოდენობა 24-დან 20 000-მდე უნდა შემცირდეს. შემცირება ასევე შეეხება 600 თანამშრომელს, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში, ნავთობსაბადოებზე მუშაობენ.

თუმცა ბრიტანული ნავთობკომპანია რეგიონში მუშაობაზე უარს არ ამბობს და პროექტებში დაახლოებით 2 მილიარდ აშშ დოლარის ჩადებას გეგმავს.

BP North Sea-ს ხელმძღვანელის მარკ ტომასის ინფორმაციით, კომპანიას შემცირებების პოლიტიკის დაწყება „გამკაცრებულ საბაზრო პირობებში“ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად უწევს.

ნავთობის დაბალი ფასების გამო სამუშაო ადგილების შემცირების გადაწყვეტილება სხვა ნავთობკომპანიებმაც მიიღეს. მაგალითად, ამერიკული Chevron 2 000 თანამშრომელს, ნორვეგიული Statoil - 1 500-მდე, ბრიტანულ-ჰოლანდიური Royal Dutch Shell 6 500-მდე თანამშრომელს დაითხოვს.

საკონსალტინგო კომპანია Graves & Co-ს მონაცემებით, ნავთობის ფასის მკვეთრი დაცემის შემდეგ, ამ დარგში სამსახური უკვე 250 000-მდე ადამიანმა დაკარგა.

Santander-ის ანალიტიკოსმა ჯეისონ კენიმ The Wall Street Journal-თან საუბარში მოსაზრება გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში ნავთობკომპანიები დამატებითი შემცირებების შესახებ განაცხადებენ.