კახა კალაძე - საქართველოში არსებული ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსება აზერბაიჯანული გაზით წელს ვერ მოხერხდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსება აზერბაიჯანული გაზით წელს ვერ მოხერხდება , - ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე შეხვდნენ.

როგორც კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს, დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ იგეგმება ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც ამ მილსადენში დამატებით მოცულობების გატარების შესაძლებლობას მოგვცემს.

"იყო საუბარი, განხილვა არსებული სიტუაციის, იმ ტექნიკური პრობლემების და დისბალანსის, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში. ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ გვაქვს პიკური მოხმარების თვეები. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ამ პრობლემის მოგვარება ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსების შედეგად. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ აზრებაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ურთიერთობას. საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ 2016 წელს დავიწყოთ. ამ პროექტში მონაწილეობის ინტერესი აქვს "სოკარს". ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დღეს გვაქვს ზამთარ-ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც დღეს ბუნებრივ აირს ვიღებთ, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ და არის იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც მოგვცემს ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლისთვის იგეგმება შაჰ დენიზის მეორე ფაზის პროექტის დასრულებაც, რაც ასევე მოგცვემს იმის შესაძლებლობას, რომ დამატებითი ბუნებრივი აირი მივიღოთ.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე "სოკარის" წარმომადგენლებთან ტარიფებზე საუბარი არ ყოფილა.

კალაძის განმარტებით, აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია.

"ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია - ეს წლების განმავლობაში ასეა და ჩვენ ამ დეფიციტს ვავსებდით "გაზპრომის" გაზით. ალბათ, მომავალშიც ასე მოხდება, თუმცა რეალურად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს. ალბათ, საჭირო იქნება დამატებითი ინვესტიციები, გასაკეთებელი იქნება კომპრესორები, რომ ჩვენ ამ მილსადენებით მივიღოთ დამატებითი მოცულობები. ასევე მნიშვნელოვანია შაჰ-დენიზის მეორე ფაზის პროექტი, რომელიც უკვე დაწყებულია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. 2019 წელს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, მოხერხდება თუ არა ის, რომ წელს დეფიციტი აზერბაიჯანული გაზით შეივსოს, მინისტრმა განაცხადა, რომ წელს ვერ მოხერხდება.

რაც შეეხება იმას, რომ "გაზპრომიდან" ბუნებრივი აირის მიღება აღარ დაგვჭირდება, თუკი აზრებაიჯანი დამატებით მოცულობებს გამოატარებს, კალაძის თქმით, ამას გარკვეული დრო და წლები დასჭირდება.