მოვაჭრეებმა ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზა ნახევარი საათით გადაკეტეს

მოვაჭრეებს ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზა ნახევარი საათით ჰქონდათ გადაკეტილი. ზუგდიდში, ე.წ. "კოკა-კოლას შენობაში" მოქმედი მაღაზიების მოვაჭრეებმა ერთ-ერთი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი შენობის წინ ბორდიურებს შორის არსებული გასასვლელის გაუქმებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მყიდველი მათთან აღარ შევა, რადგან ძირითადი მომხმარებელი ქუჩის მეორე მხრიდან, ბაზრის ტერიტორიიდან სწორედ აღნიშნული გასასვლელის მეშვეობით გადადიოდა მათთან.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლის შემდეგ გზა გაიხსნა, რომლებიც მოვაჭრეებს ვითარებაში გარკვევას დაპირდნენ. "შევხვდებით მოვაჭრეებს, მოვისმენთ მათ აზრს და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას გადასასვლელთან დაკავშირებით", - განაცხადა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა, გრიგოლ მიქავამ.