ლადო პაპავა - თუ რუსეთისგან გადავწყვეტთ გაზის შეძენას, გაზის საფასურს გაგვიზრდის, ვინაიდან ევრაზიული კავშირის წევრები არა ვართ

საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებსა და ამ თემაზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაზე "ინტერპრესნიუსი" პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, "გაზპრომთან" საქართველოს ურთიერთობების თემა ახლა ყველაზე აქტუალური და განხილვადი გახლავთ. მოპაექრეები დიამეტრალურად განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ. მინისტრ კალაძის განცხადებებიც რომ ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან, აღარავინ დავობს. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველო-"გაზპრომის" ურთიერთობებზე მიმდინარე პოლემიკას?

- "გაზპრომს" საქართველოზე გავლენის მოპოვება დიდი ხანია უნდა. ეს ახალი ამბავი არ გახლავთ. ეს პრაქტიკულად მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მაგრამ, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გახდა.

"გაზპრომმა" "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო ზეგავლენის მოპოვება სამხრეთ კავკასიაზე, ეს განსაკუთრებით აისახა სომხეთზე. მან მოახერხა სომხეთში ხელში ჩაეგდო მილსადენი. ის მილსადენები, რომლებიც ყოფილ სსრკ-ის დროს არსებობდა. "გაზპრომია" ის ორგანო, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია. ბუნებრივია, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ეს მილსადენები იმ რესპუბლიკებს დარჩა, სადაც ეს მილსადენები ტერიტორიულად მდებარეობდა. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ სომხეთის ტერიტორიაზე არსებულ მილსადენზე, სსრკ-ს დაშლის შემდეგ ის სომხეთს დარჩა. 2000-იან წლებში "გაზპრომმა" მოახერხა ამ მილსადენის ხელში ჩაგდება. უფრო მეტიც, 2000-იან წლებში დაიწყო მილსადენის მშენებლობა ირანსა და სომხეთს შორის. ჯერ კიდევ მშენებლობის სტადიაზე "გაზპრომმა" ეს მილსადენიც ხელში ჩაიგდო.

საქართველოში დარჩენილია სსრკ-ს დროს აშენებული ერთადერთი მილსადენი, რომელიც ცნობილია მაგისტრალური გაზსადენის სახელით, რომელიც საქართველოს მონაკვეთშია და რომლის მფლობელი "გაზპრომი" არაა ანუ, 225 კილომეტრიანი მილსადენი, რომელიც საქართველოში ჩრდილოეთიდან - რუსეთიდან შემოდის და სომხეთში გადადის. "გაზპრომი" დიდი ხანია ცდილობს, ჰქონდეს კონტროლი ამ მილსადენზე.

საყურადღებოა, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ამ თემაზე, ანუ ამ მილსადენზე მაშინდელმა მთავრობამ ასეთი განცხადებაც კი გააკეთა - "მილსადენი ჯვრის მონასტერი ან სვეტიცხოველი არაა, რომ მისი გაყიდვა არ შეიძლებოდეს." რატომღაც, ეს ახლა ყველას დავიწყებული აქვს. მაშინ, ამ თემაზე დაიწყო კიდეც მოლაპარაკებები "გაზპრომთან". ქართული მხარე მილსადენში 300 მილიონ დოლარს ითხოვდა. "გაზპრომი" მზად იყო გადაეხადა 150 მილიონი დოლარი. გამოჩნდა შუამავალი ფრანგული კომპანია. ახლა მე რაზეც ვსაუბრობ, ინტერნეტში ახლაც ხელმისაწვდომია. შუამავალი კომპანია ცდილობდა მხარეებს მიეღწიათ შეთანხმება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს შეთანხმება არ შედგა, რადგანაც ამ საქმეში ჩაერია ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები.

აშშ-მა საქართველოს მთავრობას აუკრძალა გაზსადენის გაყიდვა და "კომპენსაციის" სახით "ათასწლეულის გამოწვევის" პროგრამიდან საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისთვის თითქმის 50 მილიონი აშშ დოლარამდე გამოუყო. ყველაფერი ეს 2006 წლის გაზაფხულზე მოხდა. ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ საქართველო 5 წლის განმავლობაში მილსადენს არ გაყიდდა. ეს ვადა განისაზღვრა მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად.

მაშინ საქართველოს მოსახლეობა "ნაციონალური" მთავრობისაგან გადაარჩინა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. ამისთვის დიდი მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ვფიქრობ, რომ დღესაც ყველანაირად გამართლებულია საქართველოს მოსახლეობამ ვთხოვოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ საქმეში ჩაერიოს. იმიტომ რომ, რაც ახლა ხდება, აღმაშფოთებელია. საქმე ეხება ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან სატრანზიტო გაზს და მნიშვნელობა არა აქვს, ეს არაპროფესიონალიზმის გამო ხდება თუ განსაკუთრებული გარიგების გამო, რის შესახებაც არც საზოგადოებას და ბუნებრივია არც მე, ინფორმაცია ხელთ არა გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს.

- სხვადასხვა განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებითაც, კონკრეტულად რაზე მიმდინარეობს "გაზპრომთან" ვაჭრობა – მინისტრმა კალაძემ ერთხელ თქვა ტრანზიტის ფასზე ვვაჭრობთო, მეორედ - ტრანზიტის საფასურის მიღებაზეო. თქვენ როგორ გაიგეთ რეალურად, რა საკითხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს მინისტრი კალაძე "გაზპრომთან"?

- ნაკლებად მაინტერესებს ამა თუ იმ პოლიტიკოსმა, ან სახელმწიფო მოხელემ კონკრეტულად რა თქვა. მე გამოვდივარ იქედან, თუ რა სურათი იქმნება. სურათი კი ასეთია - ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობის დროს მოხერხდა "გაზპრომთან" უნიკალური შეთანხმების დადება. შეთანხმების შესაბამისად, მაგისტრალური გაზსადენით, რომლითაც სომხეთი რუსეთიდან გაზს იღებდა, საქართველო ტრანზიტის საფასურს გატარებული გაზის 10%-ის ნატურით იღებდა ანუ, საქართველო გაზის ტრანზიტში ფულს კი არა, ტრანზიტის საფასურის შესაბამის გაზს იღებდა. ეს გახლდათ უნიკალური გადაწყვეტილება. ენერგეტიკაში, როგორც ეკონომიკის ნებისმიერ სფეროში ფასები ცვალებადია. ფასი ხან მაღლა იწევს, ხანაც მცირდება.

გატარებული გაზის 10% დღევანდელი საქართველოს გაზის მოხმარების ჯამური ოდენობის 12%-ს შეადგენს. ჩვენ თუ გაზის სახით ამ ოდენობის გაზს არ მივიღებთ, ამ ოდენობის გაზი ფულით გვექნება საყიდელი. საუბარია იმაზე, რომ რუსეთს, რა თქმა უნდა, ურჩევნია საქართველოსთან გადახდა ჰქონდეს არა ნატურით, არამედ ფულით. გეტყვით რატომაც. დღესავით ნათელია, რასთან გვაქვს საქმე - როგორც გითხარით, ჯერ ერთი ფასი ცვალებადია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ 2015 წელს სომხეთი შეუერთდა ევრაზიულ კავშირს, ხოლო ევრაზიული კავშირის უმთავრესი გამაერთიანებელი ბერკეტი არის ენერგეტიკა და ენერგეტიკულ წყაროებზე ფასები, რომელსაც რუსეთი აწესებს.

დავუშვათ, საქართველოს მთავრობა დათანხმდა რუსულ წინადადებას და რუსეთმა გადაგვიხადა არა გატარებული გაზის 10% ნატურით ანუ გაზით, არამედ მისი ღირებულებით ანუ ფულით. ჩვენთვის გადმოსაცემი ფულის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ გაზის რა ფასზე შეთახმდებიან მოსკოვი და ერევანი. მაგრამ, საქართველო არ არის ევრაზიული კავშირის წევრი და ღმერთმა დაიფაროს მისი წევრი გახდეს. ეს მოსკოვს უტოვებს ბერკეტს ჩვენ გვითხრას - მე ერევანს გაზის დაბალ ფასს იმიტომ ვთავაზობ, რომ სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია. ამ ფასიდან გამომდინარე ჩვენთვის ტრანზიტისთვის განკუთვნილი თანხა დაბალი იქნება. თუ ჩვენ რუსეთისგან გადავწყვეტთ გაზის შეძენას, იგი ჩვენთვის გაზის საფასურს გაზრდის, ვინაიდან ჩვენ ევრაზიული კავშირის წევრები არა ვართ. გამოვა, რომ ჩვენ ჩვენი ენერგეტიკული ბალანსიდან დავკარგავთ გაზის 12%-ს ნატურაში, ხოლო მის სანაცვლოდ მიღებული ფული არ გვეყოფა იმისთვის, რომ ჩვენთვის სამყოფი გაზი ვიყიდოთ. გამოდის რომ უხლართავ საქმეს სახლართავად ვიხდით?

- ანუ ქართულმა მხარემ "გაზპრომთან" მოლაპარაკებებისას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათმოს ის პოზიცია, რომ საქართველომ "გაზპრომისაგან" ტრანზიტის საფასური ნატურით ანუ გაზის სახით უნდა მიიღოს?

- დიახ, ასეა. ჩვენ თუ ტრანზიტის საფასურის ფულით მიღებას დავთანხმდით, მოხმარებული გაზის 12% საყიდელი გვექნება და ვისგან უნდა ვიყიდოთ? გაზის ტრანსპორტირებას გაზსადენი სჭირდება, მას ტანკით ვერავინ მოიტანს. ჩვენ ჩვენთვის აუცილებელი გაზის ოდენობა იმ გაზის მილიდან უნდა მივიღოთ, რაც დღეს არსებობს. გარდა ამისა, "გაზპრომთან" გაუგებარი თამაშებით ჩვენ შესაძლოა გავანაწყენოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი. არაა გამორიცხული ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანმა ჩვენ შედარებით დაბალ ფასში აღარ მოგვცეს მისი გაზი. შესაძლოა ისე გამოვიდეს, რომ იმ ფულით რასაც "გაზპრომი" გვთავაზობს, ვერც აზერბაიჯანული და ვერც რუსული გაზი ვერ ვიყიდოთ. თუ ჩვენ თავი რუსეთის ამგვარი ზეწოლის ქვეშ მოვიხვედრეთ, შემდეგ მოგვიწევს ხელების გაშლა და თქმა - თავს ზევით ძალაა არაა და შევიდეთ ევრაზიულ კავშირში თუ არა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაზი საგრძნობლად გაგვიძვირდება.

მთავრობა აცხადებს, რომ რუსებს აქვთ ასეთი არგუმენტი - მსოფლიოში არ არის პრაქტიკა, რომ ტრანზიტისთვის საფასურს ნატურში იღებდნენ და ამიტომ გადავიდეთ ფულით ანაზღაურებაზეო. ეს არ გახლავთ ძლიერი არგუმენტი და აი, რატომ - ეს სატრანზიტო ხელშეკრულება ახლა პირველად რომ დგებოდეს, ეს არგუმენტი სერიოზული იქნებოდა, მაგრამ ეს ხელშეკრულება 20 წელიწადზე მეტია არსებობს და მის გამართულად მოქმედებას აქამდე საფრთხე არ შექმნია.

თუ საქართველოს მთავრობა რუსული წინადადებების მიღებაზე წავიდა, ეს არ იქნება შეცდომა, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული. ამიტომაც გადავწყვიტე ამ საკითხზე ჩემი მოსაზრება დამეფიქსირებინა. არის თემები, რომლებზეც დუმილი შეუძლებელია.

არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე, არაპროფესიონალიზმთან თუ გარიგებასთან. ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ ისე არ მოგვივიდეს, როგორც ჩვენში იციან თქმა - რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეგვჭამს, მგელი თუ მგლისფერი ტურა. თუ ქვეყნისთვის საზიანო რამე კეთდება, მნიშვნელობა არა აქვს რისი ბრალია - არაპროფესიონალიზმის თუ გარიგების. სახელმწიფო ინტერესებისთვის ორივე ხომ ერთნაირად მავნებელია.

- რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ამ საკითხზე მთავრობა სწორსა და ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს?

- ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვთქვამ ღრმა პატივისცემას ახალი პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მიმართ. ვთვლი, რომ იგი საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალი და ეკონომიკის შესანიშნავი მცოდნეა. იმედი მაქვს, რომ პრემიერი არ დაუშვებს შეცდომას და ამ საკითხში მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

და კიდევ, საქართველოს მთავრობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის, რომ ხელი არ უნდა შეუწყოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაფუჭებას. ამის ინტერესი დღეს რეგიონში დიდია. ამაში დაინტერესებული არიან სხვადასხვა ქვეყნები, სხვადასხვა ძალები, ამიტომ ჩვენმა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს იმისთვის, რომ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები არ გაფუჭდეს და გაზის საკითხი არ აღმოჩნდეს სწორედ ის საკითხი, რომელიც შეიძლება გახდეს ჩვენს შორის ურთიერთობების გართულების საბაბიცა და საფუძველიც.

კობა ბენდელიანი

"ინტერპრესნიუსი"