აზერბაიჯანის ბანკებთან ვალუტის გადაცვლის მიზნით გრძელი რიგებია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მდებარე „აზერ-თურქ ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალთან გრძელი რიგია.

ათობით ადამიანი ბანკთან ეროვნული ვალუტის - მანათის დოლარში დახურდავების მიზნით მივიდა. გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანული ბანკებიდან მხოლოდ „აზერ-თურქ ბანკმა“ შეიძინა დიდი რაოდენობით აშშ დოლარი.

ადგილობრივების თქმით, მათი ინფორმაციით, დოლარის დახურდავება მხოლოდ სწორედ აღნიშნული ბანკის ოფისებშია შესაძლებელი.

ამასთან, ადგილობრივები ამბობენ, რომ უცხოური ვალუტის შეძენაზე ლიმიტიცაა დაწესებული. კერძოდ, მომხმარებელს 500 დოლარზე მეტის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს.

„ამ დროისთვის ბანკი ვალუტის გაცვლის ოპერაციებს ჩვეულ რეჟიმში ასრულებს. ვალუტის გაცვლის ოპერაციებზე არანაირი პრობლემა და შეზღუდვა არ არის. ყველას შეუძლია ბანკის ნებისმიერ ფილიალში მისვლა და უცხოური ვალუტის შეძენა. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული წესების მიხედვით, 500 დოლარის ოდენობის თანხის გაცვლა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქონის შემთხვევაშია შესაძლებელი. აჟიოტაჟი უცხოური ვალუტის შეძენის მსურველთა დიდმა რაოდენობამ და სავალუტო ჯიხურების დახურვამ გამოიწვია. შედეგად, ბანკების ფილიალებში რიგები წარმოიშვა“, - აცხადებენ „აზერ-თურქ ბანკში“.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა სავალუტო ჯიხურების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ვალუტის გაცვლა ახლა მხოლოდ ბანკებში იქნება შესაძლებელი. თუმცა, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, გამონაკლისი დაიშვება ტურისტულ ობიექტებშიც, კერძოდ, სასტუმროებსა და აეროპორტებში.