"დევნილთა პარტია" - ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოსთვის

"დევნილთა პარტიის" განცხადებით, სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური უსაფრთხოების თვალსაზრისით ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოეფექტურობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოსთვის. პარტიის განცხადებით, ენერგოპოლიტიკის სწორად დაგეგმვა და წარმართვა ჩვენს ქვეყანას მოუტანს როგორც უსაფრთხოების ფუნდამენტალურ გარანტიებს, ასევე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას.

"ჩვენ ვთვლით, რომ დღეს არსებულ ალტერნატივებს შორის ყველაზე ოპტიმალური, პრაგმატული, ლოგიკური, იაფი და ეკოლოგიურად სუფთა, ჰიდროენერგეტიკის განვითარების პრიორიტეტულად ქცევაა და მისი მაქსიმალური ათვისებაა. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ჭარბი და აუთვისებელი ჰიდრო რესურსი ჰქონდეს, დღეს საქართველოს ჰიდრორესურსების მხოლოდ 18% -ია ათვისებული და ამ მხრივ ძალიან დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი გააჩნია. დევნილთა პარტიის ეკონომიკური ხედვა ეფუძნება სოციალურ საბაზრო სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ჩარევა უნდა მოხდეს ეკონომიკის იმ დარგებში, რომელთაც საზოგადოების კეთილდღეობისათვის უპირველესი მნიშვნელობა გააჩნიათ და ვეწინააღმდეგებით ღირებულების შექმნის ძირითადი ეკონომიკური რესურსებს, რომელსაც მიეკუთვნება მიწა, წყალი, ტყე და სასარგებლო წიაღისეული – გაყიდვას", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ "დევნილთა პარტია" ემხრობა ჰესებში შიდა ინვესტიციების ჩადებას და ეწინააღმდეგება უცხოური ინვესტიციების განხორციელებას ამ მიმართულებით.