რუსეთის ეკონომიკის შესუსტება ქართულ ეკონომიკაზეც საკმაოდ ნეგატიურად აისახება

რუსეთის ეკონომიკის შესუსტება, საკმაოდ ნეგატიურად აისახება ქართულ ეკონომიკაზეც.ანალოგიური შეიძლება ითქვას აზერბაიჯანზეც. ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის მიერ ფულად გზავნილებთან დაკავშირებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს განიხილავს.

”მოგეხსენებათ. მსოფლიოში ნავთობის ფასი, ფაქტობრივად, ყოველდღიურად კლებულობს და უკანასკნელი მონაცემებით, „ბრენტის“ ტიპის ნავთობზე ფასი უკვე ფსიქოლოგიურ ზღვარს - ერთ ბარელზე 30 აშშ დოლარს ჩამოცდა, რაც სავსებით მისაღები იქნებოდა ქართველი მომხმარებლებლისთვის, რომ არა ერთი პატარა დეტალი, ჩვენი ორი მეზობელი (ერთიც მეგობრული, მეორე კი მტრულად განწყობილი) ძლიერ არის დამოკიდებული მოცემული ნახშირწყალბადის რესურსებზე.

რაც შეეხება რუსეთს, უახლესი მონაცენების თანახმად ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 276 მილიონი აშშ დოლარით იკლო (39%-ით), რაც საკმაოდ სოლიდური და მნიშვნელოვანი ოდენობის თანხაა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯამურმა მაჩვენელმა 2014 წლის 1.44 მილიარდიდან, 1.08 მილიარდამდე (25%-იანი კლება) იკლო, ფაქტობრივად გამოდის, რომ ფულადი გზავნილების ნაკადის შემცირება სამი მეოთხედით მხოლოდ რუსულ ფაქტორზეა დამოკიდებული (ამ შემთხვევაში რუსული ვალუტის გაუფასურება 76 რუბლი 1 დოლართან, პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებზე), რაც ხაზს უსვამს რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან დამოკიდებულებას ამ კონკრეტული მიმართულებით”, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია განცხადებაში.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის მიერ პოზიციების დათმობის ხარჯზე აბსოლუტურ მონაცემებში დაიკლო (121-დან 109 მილიონამდე) ფულადმა გზავნილებმა იტალიიდან, თუმცა სტრუქტურაში მისი წილი 8-დან 10%-მდე გაიზარდა. 22%-ით, 18 მილიონით გაიზარდა ფულადი გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

”გასაკვირი არაა საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების ფაქტობრივი განახევრება 205-დან 117 მილიონამდე. ხუთეულს ხურავს თურქეთი, საიდანაც ფულადი გზავნილები დაახლოებით 1%-ით გაზრდა და 69 მილიონი აშშ დოლარის მაჩვენებელს მიაღწია”, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2014 წელს საქართველოში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20% ($341 მილიოანი) აზერბაიჯანიდან განახორციელა, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით კი, ის თითქმის 40%-ს ($392 მილიონი) უტოლდება. ვაჭრობის თვალსაზრისით, აზერბაიჯანი ქვეყნების ჭრილში ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარია საქართველოსთვის, 2014 წელს ქართულმა ექსპორტმა აზერბაიჯანში 544 მილიონი აშშ დოლარი და ექსპორტის 19% შეადგინა, 2015 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით კი 11%-ს აღემატება.

”გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი უამრავ რეგიონულ პროექტში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, მაგ.: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვის ტერმინალი, საქართველოს შეღავათიანი პირობებით გაზით მომარაგება და ა.შ.”, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია და შემაჯამებელ დასკვნას აკეთებს:

”შეიძლება დავასკვნათ, რომ ერთი შეხედვით უწყინარი, ხოლო მეორე მხრივ ზოგიერთისთვის გასახარი ფაქტი - რუსეთის ეკონომიკის შესუსტება, საკმაოდ ნეგატიურად აისახება ქართულ ეკონომიკაზეც. ანალოგიური შეიძლება ითქვას აზერბაიჯანზეც. თუმცა, მეორე მხრივ, საქართლოს უამრავი სხვა პარტნიორი ქვეყანა ჰყავს, რომელთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებამ, შესაძლოა, ზემოთ მოცემული ორი ქვეყნის ნეგატიური გავლენა შეუმჩნეველი დატოვოს, პირველ რიგში კი ამ მიმართულებით აღსანიშნავია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაძლებლობები, რომელიც წარმატებული განხორციელება დიდწილად სწორედ საქართველოზეა დამოკიდებული”.